საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში განვლილ 2015 წელს აფასებს:
„თუ პირად ჭრილში განვიხილავ 2015 წელს, შემიძლია ვთქვა, რომ, რასაც ველოდი, შესრულდა: ვემზადებოდი პერსონალური გამოფენისთვის, რომელიც დაიგეგმა, მოვასწარი ნამუშევრების შექმნა, დაიბეჭდა კატალოგი.
ეს - პირად ჭრილში, ჩემი შემოქმედების კუთხით.
ახლა - საზოგადო მნიშვნელობის საქმეზეც ვიტყვი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, აკადემიასთან აღმდგარიყო აბიტურიენტების მოსამზადებელი ფორმატი, რომელშიც ჩართული ვიყავი და რომელიც ყოფილმა რექტორმა ბუღაძემ გააუქმა.
ამ ფორმატის აღდგენას ჯერჯერობით პირი არ უჩანს.
ქვეყნის მასშტაბით თუ შემეკითხებით, გიპასუხებთ, რომ ძალიან გულნაკლული ვარ: ფაქტობრივად, არ მოხდა დამნაშავე რეჟიმის მსახურების ნორმალური კონტინგენტით ჩანაცვლება. აქედან გამომდინარე, მთელ ქვეყანაში არის საბოტაჟი, თითქმის ყველა სამინისტროსა და უწყებაში ასეა. საშუალო ფენაში და უფრო ქვევით მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ ძველ რეჟიმს და ახლაც მას ერთგულებენ.
პიროვნულად არავის ვეხები... მე სხვა რამ მაწუხებს - ქვეყნისთვის სამსახურს გარეთ არიან დარჩენილი იდეებით გატენილი, საოცრად ენერგიული ადამიანები, რომლებმაც იციან საქმე და ქვეყანას წაადგებოდნენ, ვინმეს მათ გამოყენებაზე რომ ეფიქრა.
ამ ყბადაღებულმა კოჰაბიტაციამ და რაღაც ცირკულარების ერთგულებამ მოიტანა ის შედეგი, რომ მთელი რიგი პრობლემებისა ვერა და ვერ დავძლიეთ", - ამბობს გოცაძე
წყარო: საქართველო და მსოფლიო