არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აკადემიკოსი, თბილისის საპატიო მოქალაქე გიგა ბათიაშვილი განვლილ 2015 წელს გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში აფასებს:
„ამ წელიწადს ჩვენს სფეროში გადაიდგა მთავარი ნაბიჯი - სახელმწიფომ აუცილებლობად ჩათვალა თბილისის გენერალური გეგმის შედგენა. გარკვეული ღონისძიებები უკვე განხორციელდა და პირველ ანგარიშს დეკემბრის ბოლოს მოვისმენთ.
ეს მიმაჩნია უმნიშვნელოვანესად, რადგან არაერთი წელიწადია, ყველა ჩემს გამოსვლასა თუ პუბლიკაციაში მოვითხოვდი დედაქალაქისთვის გენგეგმის შედგენას, რადგან გენგეგმა არის ქალაქის კონსტიტუცია და ქვეყნის თუ ქალაქის ხელმძღვანელობა ვალდებულია, დაიცვას იგი.
პირველი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა მთავარია, ეს გეგმა იყოს მაღალი დონის, ისეთი, როგორიც ეკადრება საქართველოს დედაქალაქს და ესადაგება ჩვენ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პერსპექტივას. მოგეხსენებათ, რომ ასეთი გეგმა დღეს განსახორციელებელი კი არ არის, არამედ პერსპექტივისთვისაა გათვლილი და სამომავლო პროგნოზებზეა დაფუძნებული.
ეს ერთი.
მეორე. დიდ ნაკლად მიმაჩნია, რომ ის უმსგავსობა, როგორიც რიყეზე დაყრილი „გულივერის ბოტები" და „ოლვეის ულტრა" ხიდია, ხელუხლებელია. ვერა და ვერ გადაიტანეს შესაფერის ადგილზე.
- ველოსიპედი?
- ველოსიპედისთვის ხელის ხლება არ შეიძლება! პირიქით, მე ვითხოვ, რომ ველოსიპედი, როგორც ძეგლი იმ სისულელის, იმ სიგიჟის, რომელმაც უკან დახია ჩვენი ეროვნული ღირებულებანი, უნდა დარჩეს!" - ამბობს ბათიაშვილი.
გაზეთი „საქართველო და მსოფლიო"
მოამზადა სალომე ჯანდიერმა