ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, 25 დეკემბერს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის" მხარდასაჭერი წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში" და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ - თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორღანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდება ბახის ნაწარმოებები.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა