reportiori.ge - ნანა თხელიძე: პროკურატურა და სასამართლო სისტემა უნდა გაიწმინდოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
ინტერვიუ
ნანა თხელიძე: პროკურატურა და სასამართლო სისტემა უნდა გაიწმინდოს!
17 ნოემბერი, 2013. 15:47

საზოგადოებრივი მოძრაობა სამოქალაქო სოლიდარობის" წარმომადგენლები მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ. შეხვედრის მიზანი პროკურორის იმ საქმეების შესახებ ინფორმირებაა, რომელიც ორგანიზაციაში შექმნილმა იურიდიულმა ჯგუფმა შეისწავლა. ამ თემაზე „რეპორტიორს" მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნანა თხელიძე ესაუბრა:


- შევქმენით იურიდიული ჯგუფი, დღეში დაახლოებით 10-15 სისხლის სამართლის საქმე შემოდის ჩვენთან. ყველას მოვუყრით თავს და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოვითხოვთ, ხომ ითხოვს ხელისუფლება ფაქტები გვითხარითო. სწორედ ამ ფაქტებს დავუდებთ მთავარ პროკურორს. ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა პროფესიის ხალხს აერთიანებს. ყველას გვაწუხებს  ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. თითქმის ყველას ღირსება გვაქვს შელახული. რაც ვიშრომეთ და ვიწვალეთ, თითქოს ყველაფერი წყალშია გადაყრილი. ხალხში უფრო მეტად ღირსების თემა დგას წინ, ვიდრე შურისძიების და გაბოროტების. საზოგადოებაში ნიჰილიზმი დამკვიდრდა, ვერავინ მეტყვის, რომ ხვალინდელი დღის იმედი აქვთ, ყველა იგივე პრობლემებით არის, როგორც უწინ.


- ქალბატონო ნანა, ერთი დიდი პრობლემა „ნაციონალური მოძრაობა" ფაქტიურად, მოშორებულია. 9 წლის განმავლობაში დანგრეული ერთ წელში რომ ვერ აშენდება, ესეც ხომ კარგად ვიცით...

- რა თქმა უნდა, ერთი დიდი პრობლემა მოშორებულია, მაგრამ ამ სიხარულის განცდა არ არსებობს. პრინციპში, „ნაციონალები" მთლიანად ამოძირკვულები არიან, მაგრამ ყოველდღე იმდენად გვხვდებიან თვალში და იმდენ უნამუსობას ვისმენთ კიდევ მათგან, ესენი რომ უნდა ავიტანოთ, უკვე ზღვარგადასულია. კოჰაბიტაცია მოგონილი სიტყვაა, სინამდვილეში ეს არის ჩვენი იძულება. არ მესმის, რატომ ვარ იძულებული, რომ მოვითმინო დამნაშავეები. პირადად ჩემი ოჯახი განადგურების პირას მიიყვანეს, სულიერად ვერ მძლიეს და ფეხზე ვდგავარ მიუხედავად იმ შეურაცხყოფებისა, რაც მომაყენეს და დამაბრალეს, მაგრამ ასე ხომ ყველას არ შეუძლია. ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომ დეპრესიულ მდგომარეობაშია, ამ დროს ისინი ძალიან გამოადგებიან ქვეყანას. მე  მხოლოდ ჩემს სფეროზე ვილაპარაკებ. ჩემთვის ის მიდგომა სრულიად მიუღებელია, როდესაც მთავრობა აცხადებს, მთელ პროკურატურას ხომ არ გაყრიან, ისინი დავალებას ასრულებენ და ისეთი დრო იყო სხვანაირად ვერ მოიქცეოდნენ. ეს არ მიმაჩნია გამამართლებლად და არც ლოგიკურ მსჯელობად. იმიტომ, რომ პროკურატურაში დღესაც არიან ძალიან გამოცდილი, კარგი პროკურორები, ძალიან კარგად ვიცნობ ამ სიტემას და თუ საჭირო იქნება, შემიძლია სათითაო პროკურორი დავახასიათო. ვინც არიან პროფესიონალი გამომძიებლები და პროკურორები, ისინი უსაქმოდ სხედან და საქმეს არ აძლევენ.


- რატომ?

- ალბათ, კოჰაბიტაციაა... სისხლის სამართლის საქმესთან მე კოჰაბიტაცია არ გამიგია. ეს თავიდან უნდა განესაზღვრათ, რომ დაუძახეს ხალხს და მოუწოდეს, მოდით პროკურატურაში, განცხადებები შეტანეთ და სამართლიანობა აღდგებაო. პირველივე დღეს ვთქვი, რომ სამართლიანობა ამ ფორმით ვერ აღდგებოდა. ჩემს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ავიღოთ მაგალითად, რითაც დამაპატიმტეს. ჩათვალეთ, რომ ეს მაგალითი ყველაზე ვრცელდება, ვინც პროკურატურაში განცხადება შეიტანა. შევიტანე განცხადება და მოვითხოვე იმ პირების დასჯა, ვინც ჩემი საქმე შეთხზა. აქ მარტო ერთი პირი კი არ ისჯება, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა გაყვნენ გამოძიებას. გამომძიებელიც უნდა დაისაჯოს, პროკურორი, რომელიც ხელს აწერდა და   მოსამართლე, ვინც უკანონო განაჩენი გამოიტანა. უკანონო განაჩენი საქართველოს სახელით გამოაქვს და ის არ არის დამნაშავე? ის ხომ ქვეყნის სახელით ზის იქ და არა რომელიმე ერთი მოსამართლის სახელით. ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა, რომ თავიდან ამას ვერ მიაღწევდნენ, რადგან პროკურატურისა და სასამართლო სისტემაში თუ ვინმეს უმუშავია იმ პერიოდში სისხლის სამართლის საქმეებზე, ვინც ხელს აწერდა ბრალს, ყველა დასაჭერი იქნებოდა.


- აბა, რა უნდა ექნათ?

- ასეთი მიდგომა არ უნდა ყოფილიყო მოდით და განცხადებები შემოიტანეთო. ხალხი ასეთ ნიჰილიზმში და მოლოდინში არ უნდა ჩაეგდოთ. ახლა რომ ეუბნებიან, ცოტა ხანი კიდევ მოიცადეთო, არ იცოდნენ, რომ ამ ხალხს იქ  იგივე პროკურორი და გამომძიებელი დახვდებოდა? ეს ხომ უნდა გაეთვალათ? პირველ რიგში პროკურატურა და სასამართლო სისტემა უნდა გაწმენდილიყო. თვითონვე აღაირებენ, რომ დღეს სამართლიანობის აღდგენა შეუძლებელია. ბატონი ბიძინას ბოლო პრესკონფერენცია გავიხსენოთ, რომ თქვა, ყველას ხომ არ დავიჭერთო. აღარ იქნებოდა საჭირო თავის მართლება და რაც ყველაზე მთავარია, მთავარი პროკურორი იმის მიხედვით კი არ უნდა დანიშნულიყო, რომ ევროპისთვისაა მისაღები. არამედ, გამოცდილებით. მესმის, რომ არჩილ კბილაშვილი ძალინ დიდი გამოცდილების მქონეა, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ მას ადვოკატურაში აქვს ნამუშევარი. რაც უნდა ბევრი ისწავლო, პროკურორი და მოსამართლე ვერსოდეს გახდები თუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგიტარებია. მე ვინ მეკითხება მის შერჩევას, მაგრამ კარგი მენეჯერი მაინც ყოფილიყო...


- მთავარმა პროკურორმა თავიდანვე გააკეთა განცხადება, რომ ამ საქმეებს განხილვა დროში გაიწელებოდა, რადგან ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი...

- გამოიყენონ ის რესურსი, რომელიც უსაქმოდ უზით. პროფესიონალებს საქმეს არ აძლევენ. ერთ გამომძიებელს შეიძლება 200 საქმე ეწეროს, მეორეს კი 2. ზუსტად 5 თვეა განცხადება მაქვს შეტანილი და ელემენტალურად, პასუხი არ მიმიღია. საკმაოდ დიდი თანამდებობის პირები მყავს დასახელებული. ჩათვალეთ, ეს მაგალითი ყველაზე მოქმედებს. განცხადებების გრაფიკიც კი არა აქვთ გაკეთებული და ამდენი თვე ისე უყრიათ საქმეები, წაკითხულიც არ აქვთ. უკმაყოფილებას გამოიწვევდა აბა რა, ყველას ეგონა, მისი განცხადება განიხილებოდა. ეს ტყუილი არ უნდა თქმულიყო.  


- თქვენი აზრით, როგორ მოგვარდებოდა ეს პრობლემა?

- ამას პროკურატურა და სასამართლო მაშინ მოერეოდა, როდესაც სისტემა უკვე გაწმენდილი იქნებოდა. უნდა შექმნილიყო პროკურორების განყოფილება, რომელიც მხოლოდ ამ განცხადებებს განიხლავდა და სხვა საქმე არ ექნებოდა. პროკურორი, რომელსაც ამდენი განცხადება აწერია, თან სასამართლო პროცესზე დადის, საქმეს ვერ აუვა. იცით, ეს განცხადებები როგორ გაიფანტა მთელ სისტემაში? მთავარ პროკურატურაში რომ შეგაქვს, იმ წუთშივე აგზავნის ქალაქის პროკურატურაში, ქალაქის პროკურატურა ამბობს, გამოძიება პოლიციას ეკუთვნის და მას უგზავნის. ეს სისტემა კარგად ვიცი და ხმამაღლა ვამბობ, არცერთი განცხადება განხილული არ იქნება. მანახონ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღიძრა და ერთი გვარი დაასახელონ, რომლის საქმეც დაიწყეს. ვერ მეტყვიან და თუ დაიწყეს, არცერთი ბოლომდე არ არის მიყვანილი.


- პერიოდულად იყო ინფორმაცია რეზონანსული საქმეების შესახებ, რომ მალე დამთავრდებოდა გამოძიება...

- ის ცნობილი საქმეები, რომელიც ხელის გულზე დევს, ადვილად წარმოაჩინეს. ასე არ არის ასეთი სისხლის სამართლის საქმეების დამთავრება. არ შეიძლება სისხლის სამართლის საქმეზე პიარი გააკეთო. ჯერ ხელისუფლებაში არ იყვნენ მოსულები და ამბობდნენ, გამოვიძიებთო. არ შეიძლება ამის თქმა, სანამ საქმეში არ ჩაიხედავ. არ შეიძლება ამ ხალხის მოტყუება, რადგან ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს. ხვალ და ზეგ ეს საქმეები რომ არ განიხილება, ხალხი თვითონ დაიწყებს გასამართლებას და არაფერი დააკლდება ლინჩის წესამდე მისვლას, გამორიცხული არაფერია...


- საზოგადოება საპრეზიდენტო არჩევნებს შეჰყურებს იმედით თვალით. თქვენ თუ ელოდებით რაიმე ცვლილებას?

- სხვაგან რა შეიცვლება არ ვიცი, მაგრამ პროკურატურის სისტემაში ისე აურ-დაურიეს ყველაფერი, თუ  სერიოზული კადრები არ მიიყვანეს, არაფერი გამოვა. მე არ ვამბობ, რომ იქ კადრები არ ჰყავთ, მისცენ საქმეები პროფესიონალებს. პოლიციაში იგივე არ ხდება? ვინ არიან დღეს პოლიციის თანამშრომლები? ტელევიზიასთან რომ ვიყავით მიტინგზე, დავინახე ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც იყო ნარკომანი, ქურდი, სხვისი ოჯახიდან იპარავდა ნივთებს იმიტომ, რომ თამაშობდა. მეორე დღეს მივედი პოლიციის უფროსთან და  ვუთხარი, ვინ იყო მისი თანამშრომელი, თავჩაღუნული მიყურებდა. გრცხვენოდეს, ასეთ კაცს მიტინგზე მაინც ნუ გამოიყვან, ქვეყანა სცნობს და იცის ვინ არის-მეთქი. არანაირი რეაგირება არ მოყოლია ამას იმიტომ, რომ იმიტომ... ეს სიტემა სანამ არ გაიწმინდება, არაფერი გვეშველება. წარმოუდგენელი რამე ხდება, წინასწარ უნდა გაეთვალათ ეს ყველაფერი.


- რატომ ვერ გათვალეს?

- არ ვიცი. ვერ დავინახე კაცი, რომელიც ამას აუხსნის ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დეტალებზე ვერ ელაპარაკებიან. ამაზე რომ დაელაპარაკნენ, ალბათ გაიგებს, ეს პატარა დეტალია სწორედ ის, დღეს რაც ხდება საქართველოში.

ძალიან ნაჩქარევად მოხდა ყველაფერი. ხედავთ, ახალაია გაამართლეს, ამაზე  მთელი იურისპრუდენცია დუმს. ახლა უნდა მობრუნდეს და სახელმწიფოს მოსთხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება? ახალაიას დღეს მაგის საშუალება უნდა ჰქონდეს? ფაქტია, რომ აქვს, ახალაიას პროცესზე მოწმე უნდა მიჰყავდეთ ხელზე შპალგარკადაწერილი? ეს რას ნიშნავს? დამისვან  200 იურისტი და დავუმტკიცებ, რომ ამ საქმეს იურისტის ხელი არ ეტყობა. თუ იტყვიან, რომ ეტყობა, მაშინ შეგნებულად არის გაკეთებული. მთლიანად  სასამართლოს ნუ აბრალებენ. მარტო მოსამართლე ვერ გადაწყვეტს გამართლებას. ძველი სასამართლო კი დატოვეს, მაგრამ კარგი ბრალი და ბრალმდებელი მაგ გამართლებას ვერ მიიღებდა. მითუმეტეს, კულუარებში მეუბნებიან, რომ გამართული პროცესი იყო.


თუნდაც მერაბიშვილის პროცესი ავიღოთ. სასამართლოზე გამოდის და პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს, ციხეში როგორ ცხოვრობს, „პირველ არხთან" რა ხდება... მოსამართლე ჩაქუჩსაც არ არტყამს და არ ეუბნება, რომ ბატონო მერაბიშვილო, დღეს იხილება სისხლის სამართლის საქმე და ეს არ არის პოლიტიკური ტრიბიუნა. და საერთოდ, პროცესზე სხვა თემა, გარდა იმისა, რაც სისხლის სამართლის საქმეს ეხება, არ უნდა იყოს. ეს დარღვევაა და მოსამართლესთან პროკურორმა პროტესტიც არ გამოთქვა. მაშინ ვიგრძენი, რომ იმ პროცესზე პროკურორი არ არსებობდა. მე გეუბნებით პროცესზე რა უნდა მომხდარიყო, თუ იქ ზის გამართული პროკურორი და მოსამართლე. თუ მიტინგების ადგილად გადავაქციეთ სასამართლო, მაშინ არ ყოფილა ჩვენი საშველი და ეგ არის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016