თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მრჩეველს გიორგი ინწკირველს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მუქარის განხორციელებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ბრალდებულის მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო - 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით. გირაოს გადახდის ვადად 20 დღე განისაზღვრა. წარდგენილი ბრალის თანახმად, გიორგი ი.-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მანვე პოლიციის მუშაკს წინააღმდეგობა გაუწია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლომ მიიჩნია, რომ საფრთხეები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში არსებობს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, კერძოდ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელშეშლის რისკები, უზრუნველყოფილი იქნება შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების - გირაოს გამოყენების პირობებშიც. ვინაიდან, სწორედ გირაო წარმოადგენს პროპორციულ აღკვეთის ღონისძიების სახეს გიორგი ი.-ს მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და ექნება მისი შემაკავებელი ხასიათი. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 10 თებერვალს, 13:00 საათზე", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.