იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე ახალი ვადით აირჩია. 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა - ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ ძალიან შეურაცხყოფილი და განადგურებულია, რადგან ის მოსამართლეები, რომლებმაც უსამართლობა დაამკვიდრეს ქვეყანაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააბრუნა.
„მე დღეს გახლდით აქციაზე, სადაც პროტესტს გამოვთქვამდით მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მურუსიძე უკვე არჩეულია და თითქმის ყველამ მისცა ხმა გარდა უზენაესი სასამართლოს თავჯდომარისა. ვინც ხელი ასწია და ხმა მისცა მურუსიძეს, მათ სულში ჩაგვაფურთხეს შვილმოკლულ მშობლებს. ძალიან შეურაცხოფილი და განადგურებული ვარ, რადგან ის მოსამართლეები, რომლებმაც უსამართლობა დაამკვიდრეს ამ ქვეყანაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისევ დააბრუნა. ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი მთელი ჩემი არსით, მაგრამ დღეს ყველას გვამცნეს, რომ სამართალი არასდროს აღარ იარსებებს ქვეყანაში. ახლა არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. სადაც არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!" - ამბობს ჯამბულ გამცემლიძე.