ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს 2016 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის ძირითად პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია; ექსპლუატაცია, განათლების ხელშეწყობა, კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული ღონისძიებები, ასევე, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა გამოიკვეთა. მთავარი პრიორიტეტის - ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციაზე ბიუჯეტის 25% დაიხარჯება. სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და ზოგადი განათლების ხელშეწყობა ბიუჯეტში 20%-ით არის განსაზღვრული. განათლების ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომავალ წელსაც დააჯილდოვებს 100% -იანი გრანტის მფლობელ მოსწავლეებს 3 000 ლარით და აღმზრდელ სკოლებს 1 000 ლარით.სხვადასხვა სოციალური პაკეტებთან ერთად, 100 % -ით დაფინანსდება C ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევები. ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში გაეწევა დახმარება.
„მინდა მადლობა გადავუხადო საკრებულოს, მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს წლის განმავლობაში გაწეული ნაყოფიერი და კოორდინირებული თანამშრომლობისთვის. მიმდინარე წელს ვასრულებთ ძალიან კარგი შედეგებით. დღეს მუნიციპალიტეტს აქვს მოწესრიგებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპეტენტური პირების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მივიღეთ ბიუჯეტი, საიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინფრასტურქურული პროექტების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაიხარჯება 2 235 400 ლარი. წინანდელთან შედარებით, ეს არის 1 057 900 ლარით მეტი. გვაქვს წინსვლა ყველა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს არ დარჩენილა არც ერთი მოქალაქის განცხადება დაუკმაყოფილებელი, რომლებმაც მოგვმართეს განცხადებით აგვენაზრაურებინა მედიკამენტების შესაძენად საჭირო ხარჯები. მომავალი წლის ბიუჯეტში გაორმაგებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსური დახმარება. მინდა მადლობა გადავუხადო ფრაქცია „ქართულ ოცნებას" იმ ინიციატივებისა და იდეებისთვის, რომლებიც განათლების წახალისების პროგრამით ჩაიდო გასული წლის ბიუჯეტში. ჩვენ მომავალ წელს მეტად გავზრდით კაპიტალურ ხარჯებს ამ მიმართულებით," - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
საკრებულოს წევრებს გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მიესალმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.