სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „ეროვნულ სიტუაციურ ოთახზე" საუბრობს და აცხადებს, რომ მისი ვარაუდით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს მსგავსი ტიპის თავშესაფარი გააჩნია:
„მე, როგორც ჩემი პირველადი განათლების, სამთო გეოლოგის კუთხით, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეს, მისი კონფიგურაციიდან გამომდინარე, გააჩნია ისეთი ადგილმდებარეობა, რომ ყველა ვარიანტში ექნება თავშესაფარი. როგორც ჩანს, მარგველაშვილის იქ გადასვლა ამითაც ყოფილიყო განპირობებული. რეზიდენციაში რამდენიმეჯერ ვარ ნამყოფი, ვიზუალურად კარგად მაქვს დათვალიერებული შენობა და შემიძლია გითხრათ, რომ ეს მომენტები მათ გააჩნიათ. სავარაუდოდ, იქ სხვადასხვა გვირაბების სარეზერვო გასასვლელები და ქვემოთ არსებული კომუნიკაციური სისტემა არის, რომელიც საგანგებო ვითარების დროს იძლევა იმის საშუალებას, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება იყოს დაცული. შეიძლება, პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ამის გამოც ყოფილიყო, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან შეიძლება, იქ პრემიერი და საქართველოს მთავრობა შესულიყო, ასეთ დიდ შენობას სხვა რომელიმე უწყებას არ გადასცემდნენ", - განაცხადა მაისაიამ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „ალია"