საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უბნის ინსპექტორის ფუნქციები იცვლება. უბნის ინსპექტორს გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები აღარ ექნება.
„უბნის ინსპექტორი იქნება, როგორც ოჯახის მეგობარი და მას აღარ ექნება გამომძიებლისა და ოპერატიული მუშაკის ფუნქციები.
შსს-სთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ოჯახში მომხდარ დანაშაულზე რეაგირება და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა - ამ სფეროში არსებული ნიშნულის შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება; ტრეფიკინგთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და პრევენცია, ასევე, ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა და მათზე რეაგირება.
უწყებისთვის ასევე პრიორიტეტს წარმოადგენს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა სტანდარტის განუხრელი დაცვა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირთათვის არსებული პირობების შემდგომი გაუმჯობესება; შეურიგებელი ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ნარკოტრაფიკის აღკვეთა, სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მიღწეული შედეგების შენარჩუნება, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კონტროლი და საზოგადოებრივ წესრიგზე მათი ზეგავლენის შემცირება; პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებული მიღწევების შენარჩუნება და ამ მიმართულებით სამინისტროს მიდგომების კიდევ უფრო დახვეწა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და მისი ჩართულობის გაზრდას დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის საქმეში", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.