შსს-მ „საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის მცდელობის ფაქტი აღკვეთა. ამის შესახებ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გოგა რაზმაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და საპატრულო პოლიციის ოფიცრებს აღნიშნულის გამო მადლობა გადაუხადა.
როგორც გოგა რაზმაძემ განაცხადა, დაკავებულმა ცეცხლი გაუხსნა ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მიმალვა სცადა, თუმცა ის დევნის ოპერაციის შედეგად დააკავეს.
„დღეს დილით ვაკის რეიონში, ბაზალეთის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბანკის ყაჩაღობა აღკვეთეს. შენიღბულმა პირმა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელს მოსთხოვა გაეღოთ კარი, რასაც შემდეგ მოჰყვა თავდასხმა და გასროლა. აღნიშნულზე სწრაფი რეაგირება მოახდინეს საპატრულო პოლიციის 209, 210 და 213 ეკიპაჟებმა. თავდამსხმელმა ადგილზე მისულ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც მოჰყვა დევნის ოპერაცია და ორმხრივი სროლა. გაქცეული პირი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ჩანთა, ნიღაბი და სხვა მტკიცებულებები. საქმეს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს განყოფილება იძიებს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 333-ე მუხლებით. მსურს, ჩემი და მთელი სამინისტროს სახელით განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციის ოფიცერებს, ათეულის მეთაურს ავთანდილ ებანოიძეს, პატრულ ინსპექტორებს დავით ჭანტურიას, თემურ ასანიძეს, კობა ჭულუხაძეს, გიორგი კოპალიანს და ბექა ბურდულს. მათ მაღალი პროფესიონალზმი გამოიჩინეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან", - განაცხადა რაზმაძემ.