პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე კომპრომატების ომს აანონსებს. როგორც არეშიძე „პრაიმტაიმთან" იტერვიუში აცხადებს, საარჩევნო ციკლში ბევრს სირცხვილის ბოძზე გააკრავენ.
„მასალები შენახულია. შესაბამისი პიარის დაგეგმვის შემთხვევაში მოხდება მთელი ამ მასალების კონცენტრაცია და ერთი მიმართულებით გაშვება. ასე ხდება ყველგან, ყველა ხელისუფლება და ოპოზიცია იყენებს ამ მექანიზმს და საქართველო გამონაკლისი ვერ დარჩება.
უკრაინული კომპრომატების გამომჟღავნების ტემპი არ ჩამცხრალა, უბრალოდ, კომპრომატების დემონსტრირება არ ხდება. ამ ეტაპზე, შესაბამის მომენტს ელოდებიან. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ მოხდეს ამის ჩვენება, როგორ მობეზრდება ხალხს. პიარტექნოლოგია მთელი ხელოვნებაა. ყველაფერს თავისი დრო და მომენტი სჭირდება. ახლა, ახალი წლების სადღესასწაულო დღეები რომ გადაივლის და წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება, აი, მაშინ დადგება მათი დემონსტრირების დრო. ეს იქნება ყველაზე ცხელი პერიოდი კომპრომატების ომის გასაჩაღებლად. როგორც ჩანს, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ უკრაინაში კიდევ გრძელდება ეს პროცესი, ოღონდ იქ ვრცელდება ის კომპრომატები, რასაც უშუალოდ იმ ქვეყანასთან აქვს შეხება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგივე ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული ეს კამპანია, რომელმაც თავის დროზე ინტერნეტსივრცეში ქართველი პატიმრების წამების კადრები გაავრცელა. იქ ახლა არის ამის მოთხოვნილება. საქართველოში ასეთი ცხელი პერიოდი გაზაფხულზე დადგება. მაშინ იხილავს დღის სინათლეს, მაგალითად, გოგა ხაინდრავას ფილმი და ა.შ", - განაცხადა არეშიძემ.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „პრაიმტაიმი"