reportiori.ge - რისი ცოდნა და გათვალისწინება გმართებთ იმისთვის, რომ ბედნიერი წელი დაგებედოთ?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:52
პრეს-დაიჯესტი
რისი ცოდნა და გათვალისწინება გმართებთ იმისთვის, რომ ბედნიერი წელი დაგებედოთ?
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 16:08


„ტყუილად არ ეძახიან ახალი წლის დასაწყისს და ძველი წლის უკანასკნელ ღამეს ჯადოსნურს"


როგორ შევხვდეთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, რომ ფეხბედნიერი წელი დაგვებედოს? გვესაუბრება პარაფსიქოლოგი ნინო ვარსიმაშვილი.


- ახალი წელი საუკეთესო დროა ახალი ცხოვრების დასაწყებად, ცხოვრებისეული სასიკეთო ცვლილებების განსახორციელებლად, ამიტომაც ზრუნავენ პარაფსიქოლოგები და დე კემბრის დასაწყისშივე გვამზადებენ ახალი წლის შესახვედრად წლის ასტროლოგიური პროგნოზებით და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ურჩევენ, რის გაკეთება მართებთ ბედნიერი ახალი წლის მოსაზიდად. მე არ ვერევი ასტროლოგთა და ფენშუის სპეციალისტთა კომპეტენციაში და პარაფსიქოლოგიური რაკურსით გაგანდობთ რჩევებს, რისი ცოდნა და გათვალისწინება გმართებთ იმისთვის, რომ ბედნიერი წელი დაგებედოთ. ტყუილად არ ეძახიან ახალი წლის დასაწყისს და ძველი წლის უკანასკნელ ღამეს ჯადოსნურს. საყურადღებოა გჯეროდეთ, რომ როგორი საახალწლო განწყობაც გვექნება, ასე გაგრძელდება მთელი წელიწადი. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და დავაკონკრეტოთ, რას ველით ახალი წლისგან. რა არის თითოეული ჩვენგანისთვის უმთავრესი, აუცილებელი და სიხარულის მომტანი. შორეულ გეგმებზე ნუ იფიქრებთ, შეჩერდით უშუალოდ იმ სურვილებზე, რის განხორციელებაც უფრო ჩქარი და საყურადღებოა. ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში მოქმედებს უხილავი ჯადოსნური კვერთხი და საახალწლო სურვილებს ახდენილ ოცნებებად აქცევს. მანამდე, სანამ საახალწლო სუფრის თადარიგს დაიჭერდეთ, საჭიროა სახლის საგულდაგულოდ გაწმენდა არა მხოლოდ ხილული, არამედ ენერგეტიკული მტვრისა და ჭუჭყისგან. ამაში დახმარებას გაგიწევთ არომათერაპია, სურნელოვანი აეროზოლები და სანთლები. ის მცენარეები, რომლებიც მიჩნეულია სახლის ენერგეტიკული წმენდის საგანგებო რიტუალისთვის. აუცილებელია, აგრეთვე, ჩვენი საცხოვრებელი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში ნაკურთხი წყლის პკურება და საეკლესიო სანთლების ანთება. სანამ სახლს სადღესასწაულო ელფერს მიანიჭებთ და ნაძვის ხის მორთვას დაიწყებთ, თითოეული ადამიანი უნდა გასუფთავდეს ენერგეტიკული ჭუჭყისგან, რადგან მხოლოდ სხეულის სისუფთავე საკმარისი არ არის სრულყოფილი სისუფთავისთვის. ახალი წლის წინა დღეები, ძველით ახალი წლის ჩათვლით, საუკეთესო პერიოდია. აგრეთვე, საუკეთესო პერიოდია დარღვეული და სუსტი აურის აღსადგენად. დარღვეული აურიდან სწრაფად გაედინება ის ენერგიები, რომელიც პოზიტიური დღეებიდან მიიღეთ. მას შემდეგ, როცა აღვადგენთ ენერგეტიკულ გარსს - აურას და სუფთა ენერგიით დავიმუხტებით, ნაკლები საშიშროება იქმნება, ნეგატიურმა, ავისმომასწავებელმა სურვილებმა და ინფორმაციებმა ზემოქმედება მოახდინოს ჩვენზე. ენერგეტიკული გაწმენდის შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ საახალწლო ნაძვის ხის დადგმა და მორთვა.


2016 წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, მმართველი სტიქიაა ცეცხლი. აუცილებელია ნაძვის ხის ქვეშ დადოთ მაიმუნის სტატუეტი, სასურველია თუ ხისგან იქნება დამზადებული. ასევე ძველი წლის სიმბოლო - თხა. თუ სახლში ბავშვები გყავთ, აუცილებელია დაასაჩუქროთ წლის მბრძანებელი სათამაშოთი, წლის მბრძანებელი თავის მზრუნველობასა და წყალობას არ მოაკლებს თქვენს ოჯახს. აღნიშნული წელი ფეხბედნიერი იქნება სიყვარულის ოჯახად დაგვირგვინების თვალსაზრისით. მაიმუნს უყვარს ოჯახური თანაცხოვრება, შვილებზე ზრუნვა. ამიტომაც მეტად სასიკეთოა 2016 წელი სასიყვარულო თავგადასავლებისა და ოჯახის შექმნისთვის. მოგეხსენებათ, რომ სადღესასწაულო სუფრა ხვავისა და ბარაქის სიმბოლიკას წარმოადგენს, ამიტომაც ვაქცევთ ყურადღებას კერძების მრავალფეროვნებასა და ტკბილეულთა სიუხვეს. პირადად მე, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, რომ არ გაიფუჭოთ გუნება-განწყობა იმით, თუ თქვენი სადღესასწაულო მაგიდა არ არის დაზვინული ნუგბარით, ტკბილეულითა და კერძებით, დასამალი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მატერიალურად გაჭირვებულია და ზოგჯერ, ამ ერთი დღისთვის მთელი თვის ხელფასის დახარჯვა სჭირდება. მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ხვავსა და ბარაქაზე მნიშვნელოვანია დადებითი ემოციები და პოზიტიური აზროვნება. ამიტომაც, გულს ნუ გაიტეხთ, თუ ისე არ გამოიყურება თქვენი სუფრა, როგორიც გინდოდათ, ყოფილიყო. იყავით მხიარულად და მცირედისთვისაც მადლობა შესწირეთ უფალს. წლის მბრძანებელი აუცილებლად დაინახავს თქვენს გულღიაობას და მიმდინარე წელს უკეთესი მდგომარეობით დაგასაჩუქრებთ, ვიდრე გასულ წელს გქონდათ. ყველა მართლმადიდებელმაც და მათაც, ვინც მართლმადიდებლურ საქართველოში ცხ ოვრობს და ჩვენი ერის შვილად და სტუმრად თვლის თავს, ვურჩევ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თავის ვირტუალურ სამყაროში წარმოისახოს ის ყველაფერი, რისი მიღებაც ახალი წლისგან უნდა. ჩამოწეროს ასახდენი სურვილები, მერე დაწვას და ფერფლი საახალწლო სასმისში ჩაასხას, თუ არ უნდა ალკოჰოლის მიღება, შეუძლია, ეს სურვილები წყალთან ერთად დალიოს. თქვენი სურვილებით შეგიძლიათ, დამუხტოთ წყალი, მოგეხსენებათ, რომ წყალი ინფორმაციის მატარებელია და გააჯერეთ წყალი ახალი წლის ღამეს თქვენი საახალწლო სურვილებით და ეს წყალი დალიეთ შობა დღის ჩათვლით. შობის დღესასწაულის ჩათვლით მიიღეთ ყოველ დილით და საღამოს. ღამის 12 საათზე აუცილებლად შეუერთდით უწმინდესის ლოცვას, რომელსაც ეკ რანიდან მოისმენთ. ლოცვით თქვენს გარშემო აღიმართება ის უხილავი ციხესიმაგრე, სადაც არანაირ ბოროტ ძალას არ შეეძლება თქვენი ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების დარღვევა. ოღონდ აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ ეს ასე იქნება.


ახალი წლის ღამე ყველაზე ოპტიმალური დროა ხილული თუ უხილავი მტრების განსაიარაღებლად და უკან დასახევად. ამიტომაც სურვილთა შორის არ დაგავიწყდეთ უფალთან იმის თხოვნა, რომ განიარაღდნენ თქვენი მტრები და თქვენდამი პატივისცემით და სიკეთით განეწყონ. ალბათ, უამრავი მაგალითის დასახელება შეგიძლიათ ჩემგან ნათქვამი სიტყვების საილუსტრაციოდ.


ბევრ ადამიანს მცდარად მიაჩნია, რომ აუცილებელია ალკოჰოლის მიღება და თრობა ახალი წლის ღამეს. პარაფსიქოლოგია კატეგორიულად წინააღმდეგია დიდი დოზით ბახუსის მიღების, ამიტომაც სასმელიც და სადღესასწაულო კერძებიც მიიღეთ ზომიერად, თორემ დიდძალი ძალისხმევა დაგჭირდებათ მომეტებულ ალკოჰოლთან და კალორიებთან გასამკლავებლად. ძალიან ვთხოვ ყველას თავი შეიკავონ წრეგადასული სმისგან.


მაიმუნი მხიარული ცხოველია, ამიტომაც აღნიშნულ წელს ყველას მხიარულ და პოზიტიურ ემოციებს ვურჩევ. მიმდინარე წელს ნებისმიერ პრობლემას თუ მარტივად მივუდგე ბით და იუმორითა და დადებითი მხარეებით შევხედავთ, გადავლახავთ. გარდაუვალი იქნება მხიარული და წარმატებული წელიწადი. მხიარულება და დადებითი ემოციები ყველა დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ და მიზნებთან დაგაახლოებთ.


ასტროლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ ხოლმე, რა უნდა ელაგოს საახალწლო სუფრაზე. მახსოვს, ერთხელ, სასაცილო ფასი გახდა ბანანი და არ იშოვებოდა, აღნიშნავენ იმასაც, როგორი ჭურჭლით უნდა იყოს გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა. ფენშუიც არ გაკლებთ რჩევებს, სახლის რომელ სექტორში რა საგანი უნდა დადგათ ბარაქისა და კეთილდღეობის მოზიდვისთვის. ჩემი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პრაქტიკა პარაფსიქოლოგიაში მაძლევს უფლებას, თამამად გირჩიოთ, რომ გარეგნულ მორთულ-მოკაზმულობასა და სიუხვეზე მეტად ჩვენს მომავალზე პასუხს აგებს ჩვენი სადღესასწაულო გუნება-განწყობა. ამიტომაც ვურჩევ ყველას, როგორც პარაფსიქოლოგი და როგორც ნათელმხილველი, რომ ტანსაცმლის ფერსა და ჭურჭლის ფორმაზე უმთავრესია ჩვენი ემოციური ფონი. თუმცაღა, სასურველია, რომ სადღესასწაულო სუფრაზე წითელ-შინდისფერი ტონალობებით ვიყოთ შემოსილი და იგივე ფერები დომინირებდეს საახალწლო სუფრაზეც. საახალწლო სუფრას შემატეთ თუნდაც თქვენი ხელით დამზადებული ბრჭყვიალა საგნები და ნივთები, მაგალითად, შეგიძლიათ, ჭიქას ან ლარნაკს მოახვიოთ ე.წ. „წვიმა".


ახალი წლის ღამეს დიდი წყალობით გამოირჩევა ჩვენი ფუძის ანგელოზი, 12 საათი გახდება თუ არა, ფანჯრებთან საეკლესიო სანთლები აანთეთ და ეს ჯადოსნური ღამე უფლის ხსენებითა და ლოცვით დაიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლოვან მაიმუნს წითელი და შინდისფერები უყვარს, მე არავის დაპროგრამებას არ ვაპირებ, რომ მაინცდამაინც ამ ფერებით შეეგებონ ახალი წლის ღამეს, რადგან საახალწლოდ არაჩვეულებრივად მუშაობს ადამიანთა ინტუიცია და შეგიძლიათ, მიენდოთ თქვენს წინათგრძნობას. თქვენი ინტუიცია დროის ამ მონაკვეთში ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის საუკეთესო მრჩეველია. ჩაიცვით ის, რაც მიგაჩნიათ, რომ ძალიან გიხდებათ, მოგწონთ, თავს კომფორტულად გრძნობთ და რაც მთავარია, სადღესასწაულო ელფერს განიჭებთ. რაც მთავარია, თქვენს გუნება-განწყობას შეესაბამება.

 

- ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს მნიშვნელოვანი როლი აკისრია მეკვლესაც, მეკვლე ჩვენ თვითონ უნდა ამოვირჩიოთ თუ შემთხვევით, პირველად შემოსულ ადამიანს მივანიჭოთ მეკვლის სტატუსი?


- მეკვლის დასახვედრად, არ დაგავიწყდეთ ტკბილეულის გატანების გარდა, საგანგებო საჩუქრის შერჩევა, ბუმერანგის პრინციპით მოქმედებს ახალი წლის ღამეს თქვენი გულუხვობა და ყურადღება. გახსოვდეთ, რაც მეტ ღიმილს, წყალობასა და საჩუქარს გასცემთ, ათმაგი საწყაოთი დაგიბრუნდებათ, მაგრამ, რასაკვირველია, ამაზე არ უნდა იფიქროთ. უანგარო ქმედება გაცილებით დასაფასებელი და „ანაზღაურებადია"~, ვიდრე სამაგიეროსთვის გაკეთებული. მეკვლის მოწვევის თადარიგი ერთგვარი უსაფრთხოების წესის დაცვაა, რადგან, მოგეხსენებათ, არსებობს ავი თვალი, ცუდი ხელი, ცუდი ფეხი... სასურველია, მეკვლედ მოვიწვიოთ იღბლიანი, მხიარული და გულღია ადამიანი. თუ ჩვენი მეკვლე სამივე თვისებით არ არის შემკული, ერთ-ერთი ამ თვისებათაგანი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. მოერიდეთ იმ ადამიანის სტუმრად მოწვევას, ვისზეც თქვენდამი კეთილგანწყობაში დარწმუნებული არ ბრძანდებით. იმ ადამიანის იღბალი და წარმატება თქვენზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება, თუ სიყვარულითა და ჭეშმარიტად კეთილი სურვილებით არ შემოაღებს თქვენი სახლის კარს. თუ შემთხვევითი ადამიანი მოვიდა მეკვლედ და მისი დანახვა მაინცდამაინც არ გესიამოვნათ, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და არ გამოხატოთ უარყოფითი ემოცია ასეთი სტუმრის მიმართ, სტუმარი ღვთისგან მოსულ ადამიანად ჩათვალეთ


დაბოლოს, თქვენი სიკეთით და გულთბილობით მტრულად განწყობილი ადამიანის განიარაღებასაც კი მოახერხებთ, მეკვლედ მოსული სტუმარი საგანგებოდ იქნება მოწვეული თუ შემთხვევითი, საკადრისად სტუმართმოყვარე ადამიანად თუ დაანახვებთ თავს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს დღე სიმბოლიკა გახდება მთელი წლის ტენდენციის, რომ თქვენი ბედნიერების ჩაშხამება ამქვეყნად, არავის შეუძლია.


ბუხარს როგორც ცეცხლის სტიქიის მატარებელ ელემენტს, განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ახალი წლის ღამეს, მით უმეტეს, ამ წელში. ის, რაც გინდათ თქვენს ცხოვრებაში აღარ განმეორდეს, რამაც ოდესღაც გული გატკინათ და ჯერ კიდევ გახსოვთ, ჩამოწერეთ ფურცელზე და აგიზგიზებულ ბუხარში შეუძახეთ. თუ არ გაქვთ ბუხარი, მაშინ სანთლებთან დაწვით წარსულის ამბები, რომელთან შეხვედრაც აღარ გინდათ და გამდინარე წყალს გაატანეთ. თუ კონკრეტული ფაქტები არ გაგახსენდათ, მაშინ შეგიძლიათ, დაწეროთ - ღალატი, ავადმყოფობა, ორპირობა, სიღარიბე, შური, მტრობა და ყველა ის სიტყვა, რაც გინდათ, რომ შორს იყოს თქვენი ცხოვრებიდან. დაემოწაფეთ პარაფსიქოლოგიურ რჩევებს და თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ ის ბედნიერი წელიწადი, რომელიც წინასწარ იცოდით, რომ სიკეთეს, სიხარულსა და ბედნიერებას მოგიტანდათ. ვულოცავ ახალ წელს მართლმადიდებლურ სამყაროს და ყველა თქვენგანს.

 

 

 

მაია იასიშვილი

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016