საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის პოსტიდან გადადგომაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა თანამდებობა წარმატების ზენიტში დატოვა. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერი იყო და მის საქმიანობას დადებითად აფასებს.
„ვერ ვხედავ და არ ვიცი ისეთი პრობლემები, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი ვერ გაართვა. გავიხსენოთ, როგორი გუნდი მოვედით. ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი პრემიერობის დროს გახლდათ შინაგან სამქეთა მინისტრი. გავიხსენოთ ის რეალობა, რაც ჩვენ მივიღეთ. საკმაოდ მძიმე სამინისტრო მიიღო ირაკლიმ და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებით გაართვა თავი.
ირაკლი ღარიბაშვილი კარგი პრემიერი იყო. როგორც მე, ისე სხვა დანარჩენი გუნდის წევრები, რომლებსაც არ გვქონდა პოლიტიკური გამოცდილება, საკმაოდ გავიზარდეთ. ირაკლიც საკმაოდ გაიზარდა. ვიტყოდი, რომ მან მიაღწია თავის წარმატების პიკს. მან ხელისუფლება თავის წარმატების ზენიტში დატოვა, ისევე როგორც მე, როგორც პოლიტიკოსმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან წარმატებულად იმოღვაწევა. მან შეაჯამა სამი წლის შედეგები. ვფიქრობ, რომ თუ რეალობიდან გავაანალიზებთ, ძალიან კარგი შეფასება შეგვიძლია მივცეთ მთავრობის საქმიანობას მისი პრემიერობის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი წავიდა როგორც წარმატებული პრემიერი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.