ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი 2016 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე ბევრ ცვლილებას ვარაუდობს. როგორც ცაგარელი „კვირის ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, შესაძლოა პრემიერი მომავალ წელსაც შეიცვალოს. ცაგარელი ასევე აღნიშნავს, რომ პარლამენტის 70 % ახალი კადრებით დაკომპლექტდება.
„მაიმუნის წელიწადი საკმაოდ რთული, წინასწარ განუსაზღვრელი და მოულოდნელი ცვლილებების წელიწადია. ჩვენ შევედით გარდაქმნებისა და რეფორმების სამწლიან ზონაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო. 2016 წელი არის ამ გარდაქმნების აპოთეოზი და 2017 წელი ამ ყველაფერს ბეჭედს დაასვამს. გარდაქმნები ეხება ყველაფერს. როგორც ჩვენ ახლა ვნახეთ, რა ცვლილებებია მინისტრთა კაბინეტში, პრემიერიც კი შეიცვალა, აქედან გამომდინარე, მომავალ წელს გაცილებით მეტი ცვლილებები იქნება. შეიძლება დიდი ცვლილებები იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე, რადგან პოლიტიკის ორი პლანეტა - იუპიტერი და სატურნი ურთიერთწინააღმდეგობაშია, რაც რადიკალურად შეცვლის ძალიან ბევრ, ურყევ პოზიციას პოლიტიკის სფეროში. მომავალ წელსაც შეიძლება, პრემიერი შეიცვალოს, შეიძლება პრობლემები იყოს ხელმძღვანელ პირებთან, დეპარტამენტების ხელმძღვანელები მოიხსნას სხვადასხვა დონეზე. ასევე, პარლამენტის, თითქმის 70 პროცენტი შეიცვლება, ანუ ეს არის აბსოლუტურად ახალი სისხლის შემოსვლის წელიწადი ყველა სფეროში, მათ შორის საბანკო-ეკონომიკურ სფეროშიც, მით უმეტეს, აქ შეიცვლება ეროვნული ბანკის დირექტორი და მასთან დაკავშირებული მთელი ეს ჯგუფი. იგივე სამართალდამცავი ორგანოები - უშიშროება, თავდაცვის სფერო, იურისპრუდენცია, აუცილებლად სპორტის სფერო, სადაც უკვე ისედაც არის საკმარისად სკანდალები", - აღნიშნა ცაგარელმა.
აქვე ცაგარელი აცხადებს, რომ ტურიზმში იქნება ბევრი ცვლილება და ასევე განათლების სისტემაში შეიცვლებიან ხელმძღვანელები. მისი თქმით, „ეს არის სისხლის შეცვლის საუკეთესო პერიოდი საქართველოში, როცა მოვლენ ახალი რეფორმატორები, ახალი სერიოზული ლიდერები, ახალი ჯგუფები და ორგანიზაციები და ჭეშმარიტი პროფესიონალები".
„ტურისტულ სფეროში იქნება სერიოზული ცვლილებები, განათლების სისტემაში აუცილებლად შეიცვლებიან ხელმძღვანელები... ამიტომ ვიმეორებ, ეს მოულოდნელი და წინასწარ განუსაზღვრელი ცვლილებების წელიწადია, რადგან ეს არის ზეაქტიური მაიმუნი და რომელი ტოტიდან სად გადახტება და რატომ, ამას აბსოლუტურად ვერ მოუძებნით ადეკვატურ ახსნა-განმარტებას. ამიტომ იქნება ძალიან ბევრი არაადეკვატური გადაწყვეტილება, მოქმედება, ურთიერთსაწინააღმდეგო კანონების მიღება, იქნება ძალიან ბევრი ტყუილი და ჭორი, სხვისი ნამოქმედარის თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობა... აქედან გამომდინარე, მაიმუნის წელი გვაძლევს საშუალებას, ადამიანებმა რეალურად გამოავლინონ თავისი ჭეშმარიტი სახე და წლის მეორე ნახევრისთვის უფრო მეტად გაირკვევა, ვინ ვის და რა გზით ატყუებდა, მათ შორის, ზემაღალ სახელმწიფო სტრუქტურებში. საბოლოოდ გაირკვევა ვინ არის თეთრი, ვინ არის შავი და ვინ - ნაცრისფერი. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი დაკარგავს თავის თანამდებობას. ეს არის სისხლის შეცვლის საუკეთესო პერიოდი საქართველოში, როცა მოვლენ ახალი რეფორმატორები, ახალი სერიოზული ლიდერები, ახალი ჯგუფები და ორგანიზაციები და ჭეშმარიტი პროფესიონალები და არამხოლოდ უბრალოდ ცნობადი სახეები, როგორც ეს დღეს არის ჩვენთან. საქართველოს რეალური აღზევება მოსალოდნელია უკვე 2020-21 წლებიდან, მანამდე სწორედ ეს პროცესებია ჩასატარებელი, რათა რეალურად შემოვიდნენ ის ახალი ძალები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს შემდგომ განვითარებასა და წინსვლას. აი, სწორედ ასეთი სერიოზული პროცესები გველოდება ჩვენ პოლიტიკის სფეროში", - განაცხადა ცაგარელმა.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: „კვირის ქრონიკა"