ბათუმის ბულვარსა და პლაჟზე ნაგვის დაყრისთვის 50 ლარიანი ჯარიმა შემოიღეს. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის ტერიტორიის სისუფთავის მიზნით კონტროლს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ახორციელებს.
ადმინისტრაციის თანამშრომლები სიგარეტის ნამწვის, მზესუმზირის, საკვები პროდუქტების ნარჩენების, ბოთლების დაყრისთვის წერენ ჯარიმის ოქმს, რომელიც სასამართლოს ეგზავნება. როგორც ბათუმის ბულვარის ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ დევაძემ განაცხადა, ყველა აქტზე, რომელიც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეადგინეს, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მოქალაქეები 50 ლარით დაჯარიმდნენ.
ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლები მოქალაქეებს ნაგვის დაყრის ფაქტზე აჯარიმებენ. თუ ვერ აზუსტებენ, ვინ დაყარა, იმ შემთხვევაში ჯარიმის ოქმი არ იწერება და დასუფთავების სამსახური აწესრიგებს ტერიტორიას:
„არის შემთხვევები, რომ ვპატიობთ, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს ვატარებთ, ვცდილობთ დაჯარიმებამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ არიან მოქალაქეები, რომლებიც ურჩობენ და იძულებული ვართ, დავაჯარიმოთ", - აღნიშნა ზურაბ დევაძემ.
ბულვარის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამაფრთხილებელ ღონისძიებებსაც ატარებენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პლაჟზე ცარიელი ბოთლები და საკვები პროდუქტების ნარჩენები მაინც უხვადაა. ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე პლაჟზე ნაგვის ურნებია განთავსებული, თუმცა ნაგვის ურნიდან 5 მეტრშიც შეიძლება აღმოაჩინოთ ბოთლები და საკვების ნარჩენები.