reportiori.ge - მისი ცხოვრება ერთი დიდი ღიმილი იყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:05
პრეს-დაიჯესტი
მისი ცხოვრება ერთი დიდი ღიმილი იყო
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 12:07



მისი შემოქმედება ხელოვნების კრიტიკოსების გასახსენებელი და შესაფასებელია. მე კი ერთი ლამაზი და ოდნავ სევდიანი შემთხვევა მახსოვს.


როცა 1910 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ერთ პატარა და უცნობ სოფელ კონტუათში ბიჭი დაიბადა, ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მისთვის დიდი ჟან გაბენი გენიოსის „ტიტულს" არ დაიშურებდა. გიორგი დანელია კი იტყოდა - მსოფლიოს ნომერი პირველი კომიკოსიაო. ამ ორივე დიდი მოღვაწისთვის ხელოვნება უსერიოზულესი შემოქმედებაა და არა გართობა. ამიტომაც მხოლოდ კომპლიმენტისთვის სიტყვას იოლად არ გაიმეტებენ.


თავად ბატონ იპოლიტე ხვიჩიას კი საკუთარი როლების გადამკიდეს, ერთხელ შინაურებისთვის უთქვამს: ცუდად ვარ თუ კარგად არვის აინტერესებს და ხმამაღლა ვერც გაამხელ - თუ გაწუხებს რამეო. დარწმუნებული ვარ, ამას იმ ადამიანური ტკივილების გამო ამბობდა ყველა მოკვდავს რომ გააჩნია, თორემ მშვენივრად იცოდა, რომ ხელოვნებაზე შეწირულებისგან ადამიანები მაქსიმუმს ითხოვენ. აი, ამ „მაქსიმუმისთვის" მას არასოდეს უღალატია. მისი საქმეც და ცხოვრების წესიც ადამიანებისთვის ნაჩუქარი ერთი დიდი ღიმილი იყო. მას კი, იქნებ უნებლიეთ, მაგრამ ზოგჯერ მისივე თაყვანისმცემლები ღალატობდნენ.


კავშირგაბმულობის სამინისტროში რომ ვინმესთვის გეთქვა: იპოლიტე ხვიჩიას არ აფასებო - პასუხად შეიძლება მხოლოდ მძიმე სიტყვა არ მიგეღო. არადა ფაქტია, რომ ერთხელ ბინის ტელეფონთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. მან კი, სხვა რომ ვეღარაფერი გააწყო ტელევიზიაში მოვიდა სამართლის საძებნელად. ის, რომ იპოლიტეს მეოცე საუკუნის ბოლოს ტელეფონის გამო უწევდა კარდაკარ სიარული, უკვე კიდევ ერთი კომედია იყო, მაგრამ არა სასაცილო. ამას მალევე მიხვდა ისიც, ვისაც იპოლიტე ხვიჩიას ფასი და ისიც, რომ „სიცილი და ტირილი ძმებია" სხვის ჩარევამდე  და სხვისგან მითითებამდე უნდა სცოდნოდა, მაგრამ მთავარი, სხვა რამ დამამახსოვრდა.



ბოლო წლებში მძიმე სენი შეეყარა. ძალიან უჭირდა სიარული. ჯოხზე დაყრდნობილმა გაჭირვებით ამოირა რამდენიმე საფეხური და ტელევიზიის ფოიეში შემოვიდა. დაინახეს თუ არა მაშინვე დაფაცურდნენ და უახლოესი ოთახიდან გამოტანილ სავარძელში ჩასვეს. მადლობისა და მადლიერების ნიშნად ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობი ღიმილით დააქნია თავი. ყველასთვის ძვირფასი იყო. ყველას უნდოდა რაღაცით ესიამოვნებინა. რა არ შესთავაზეს - ყველაფერზე უარი თქვა, ერთის გარდა. ცოტა სული რომ მოიბრუნა, ხათრიანად ითხოვა  - ნამეტანს გაწუხებთ, მაგრამ იქნებ ლიფტამდე მიმაცილოთო.


ბიჭებმა ერთმანეთს სიცილით გადახედეს. სახეზე ყველას უსიტყვო შეთანხმება ეწერა. სავარძელს ხელი დაავლეს და შიგ მჯდომი ბატონი იპოლიტე კიბეზე აარბენინეს. გაოცება ვერ მოასწრო. ერთია, რომ მადლიერებისა და ნეტარების ღიმილი არ მოსცილებია.


იმ მომენტში იპოლიტე ხვიჩიას ასაკში დამძიმებული მარლონ ბრანდოს წონაც რომ ჰქონოდა, ბიჭები ამ შემთხვევას მაინც არ გაუშვებდნენ და ნამდვილად ხელისგულზე სატარებელ და სათაყვანებელ კუმირს მაშინ ლიფტში არ შეიყვანდნენ. არ მეგულება საქართველოში ისეთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც იმ დროს და იმ წუთში სხვანაირად მოიქცეოდა, ანდა, იმ ბიჭების ადგილას ყოფნაზე იტყოდა უარს. მჯერა, თვითონაც ასე იფიქრა და ამის გამო იყო, რომ უკვე მძიმედ ავადმყოფი, მაგრამ კაცური კაცის გულიდან დაძრული ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.


ფიქრი არავისთვის გახლავთ აკრძალული და სწორედ მაშინ გავიფიქრე ის, რასაც ახლა გეტყვით. თქვენს გაკადნიერებულ მონა მორჩილს, ამ დიდი ოსტატის ძეგლი სწორედ ასე წარმომიდგენია - თაყვანისმცემლების ხელებში, მაღლა ატაცებულ ტახტზე  დაბრძანებული, მომღიმარი სიცილის „მეფე" - იპოლიტე ხვიჩია.


რა ვიცი, არ უნდა იყოს ცუდი იდეა. 31 დეკემბერს მისი დაბადებიდან 105 წელი სრულდება.


 

 

 

წყარო: sputnik-georgia.com, მერაბ ხაჩიძე             





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016