მაღალი ძაბვის სადენების დაზიანების გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. უხვად მოსულმა ნალექმა ელექტროგადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები დააზიანა.
სამი დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ყველა პრობლემურ ლოკაციაზე იმყოფებოდა. მერაბ ჭანუყვაძე აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას უშუალოდ აკვირდებოდა. გუშინ საღამოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდა 19 დამხმარე ჯგუფი. ადგილზე იმყოფება ენერგო-პრო-ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელიც.
"მინდა ადგილობრივი ხელისუფლების სახელით ბოდიში მოვუხადო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების და უხვად მოსული ნალექის გამო, ახალ წელს პრობლემა შეექმნადთ ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ "ენერგო-პრო ჯორჯიას" თანამშორმლები და ასევე ადგილზე ჩამოსული დამხმარე ჯგუფები, 24 საათის განმავლობაში შეუწყვეტლად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. დაზიანებული იყო 35 კილოვატიანი მაღალი ძაბვის სადენი, რომელიც საღამოს 7 საათამდე შეკეთდება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგება", - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზებზეც, თუმცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. მობილიზებული იყო მუნიციპალური ტექნიკა და გადაადგილების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობას ამ ეტაპზე არ აქვს.