reportiori.ge - დიმიტრი ჯაიანი: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, "ნაცმოძრაობის" რეჟიმი ძალიან მალე გასამართლდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 13:22
ინტერვიუ
დიმიტრი ჯაიანი: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, "ნაცმოძრაობის" რეჟიმი ძალიან მალე გასამართლდება!
18 ნოემბერი, 2013. 13:30

მე განსხავვებული აზრი მაქვს იმ ადამიანებისგან, ვინც უმადურობას გამოხატავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ და ცოტა გაღიზიანებულიც ვარ. უმადურობაა არ დაინახო ის, რაც შენ არასდროს შეგიძლია გააკეთო", - ეს სიტყვები მსახიობ დიმიტრი ჯაიანს ეკუთვნის, რომელმაც „რეპორტიორთან" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.


- კაციშვილი არ იყო ამქვეყნად „ნაციონალების" გამშვები, 30 წლის მანძილზე ესენი იბოგინებდნენ და ბოლომდე გააუპატიურებდნენ საქართველოს, რომ არა ერთი კაცი, რომლის სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი. მან ეს სირცხვილი როგორც შეძლო, ისე ჩამორეცხა საქართველოს. ხმამაღლა ვაცხადებ, როგორც დავით აღმაშენებელია შესული საქართველოს ისტორიაში, ისე შევა ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ ამის გამო. გამორიცხულია, 9 წლის მანძილზე ჩასვრილი საქმე ერთ წელში გამოსწორდეს. ამას წინათ თელავში ვიყავი, აბა შეეკითხეთ კახელ გლეხებს ვის მზეს ფიცულობენ, ყურძნის ჩასაბარებელი ყველაზე მცირე ფასი 1 ლარი იყო და იმის ზევითაა მერე, 2-3 ლარამდე ავიდა ჯიშების მიხედვით. რამდენსაც გინდოდა, იმდენს ჩააბარებდი. ატამი დალპაო, რომ გაიძახიან, დალპება, მაგრამ მოვა დრო, ასე აღარ იქნება. ყველაფერი დაეწყობა, რაც მთავარია, ჭირი მოშორებულია.

 

- თუმცა, საზოგადოებას  გარკვეული პრეტენზიები აქვს სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით...

- მესმის, მე თავად ვარ თეატრიდან გაგდებული და თან როგორ. სწორად გამიგებენ ისინი, ვინც მიცნობენ. ეს არ არის თავმომწონე კაცის სიტყვები. მე, რომელმაც გადავარჩინე სოხუმის თეატრი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით,  გამაგდეს ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამას თავისი დრო უნდა და ნუ ვართ  ქართველები სულწასულები. თქვენ ნახავთ, სამართლიანობაც აღდგება, ის ადამიანები, ვინც ციხეში არიან ჩასასმელები, ჩაჯდებიან. რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ კაცი თუ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და არაფერი აქვს დაშავებული, ის დაისაჯოს, მაგრამ ვისაც გასვრილი აქვს ხელი და მე ასეთები ძალიან ბევრი ვიცი, აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ პასუხი. კანონმა აუცილებლად უნდა იმოქმედოს ამათზე. როგორ შეიძლება ყელყელაობდნენ და დადიოდნენ ბარამიძეები, ბოკერიები და ციხეში არ იჯდნენ. ძალიან შორს ვარ ციხეში ჯდომისგან, იმიტომ, რომ სოხუმელი კაცი ვარ და როცა ამას წაიკითხავენ, მიხვდებიან, ამით რას ვამბობ. არ ვისურვებდი ადამიანის ციხეში ჯდომას, მაგრამ ამათ 9 წლის განმავლობაში ისეთი რაღაც გაუკეთეს საქართველოს, ყველამ პასუხი უნდა აგოს ერის წინაშე და ეს სულ მალე მოხდება.


- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს, კოაბიტაციის რეჟიმში ვართ გადასულები...

- მე ამაზე სხვა აზრის ვარ. არ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, შენ რომ დაინიშნები ვთქვათ სამინისტროში, თეატრში, წარმოებაში თუ ფაბრიკაში, შენს დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში არ გააკეთო ის, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ეს კანონის ძალით უნდა იყოს გაკეთებული. დევნილი კაცი ვარ და ვიცი, დევნილების ერთი კასტა არსებობს, უპატიოსნეს კასტას ვეძახი, დღესაც არ გააჩნიათ არაფერი, კარვებში ცხოვრობენ, ასე იქნებიან სულ, თუ ყურადღება არ მივაქციეთ. ისინი პატიოსნად ომობდნენ და დღესაც პატიოსნად ელოდებიან რაღაცს. იცით, ჩვენ ვის მივაქციეთ ყურადღება? 10 ბინა რომ აქვს და მე-11-ს რომ თხოულობს, ასეთი კაცი ჩანს, ყვირის, არაფრის გამკეთებელი, გაქცეული აფხაზეთიდან, ომის დროს სხვაგან იყო, ამას უფრო მეტად აფასებდნენ სააკაშვილის მთავრობაში გარეწრები. ეს სჭირდებოდათ არჩევნების დროს. თქვენ გგონიათ, მე არ ვარ გაბრაზებული? სიკვდილამდე მიმიყვანეს, იმდენად დათრგუნული ვიყავი ჩემი დევნილების ნაწილისგან. არის ასეთი პრივილეგირებული ნაწილი, რომელთაც ყველაფერს უკეთებდნენ, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, 80% დაჩაგრულები არიან და დღემდე მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან. ასეთ ადამიანებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ადამიანები, ვინც ბოროტებას ემსახურებოდნენ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რაღაცით უნდა იგრძნონ, რომ პატიოსანმა კაცმა ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიოს.


- „ნაციონალები" მთელ მსოფლიოს აგებინებენ, გვჩაგრავენო, მერე მოდის დირექტივები დასავლეთიდან... ამ ფონზე მოხერხდება ამის გაკეთება?

- აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეს რეჟიმი ძალიან მალე გასამართლდება. მომხრე ვარ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდეს. არჩევნები რომ ჩატარდება და ესენი 1% რომ ვერ აიღებენ, მერე უნდა გასამართლდნენ.


- არ ნიშნავენ...

- ყველაფერი იქით მიდის, რომ დაინიშნება. იცით, როგორ მომწონს, რომ ბატონი ბიძინა მიდის... იმიტომ, რომ მისთვის არ არსებობს სკამი, ეს არის მთავარი. ადამიანი მომწონდა თუ არა, ყველა სკამს იყო ჩაბღაუჭებული და ამის გამო ვერ მიდიოდნენ. გათვლილი აქვს, იცის, რაშია საქმე.


- ამ თემამ პატრიარქის ქადაგებაშიც გაიჟღერა...

- პატრიარქმა გენიალური რამე თქვა კიდევ, რომ უმრავლესობა საქართველოში არ არის დაცული. რა უნდა  ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვისი ფულით იკვებებიან, რომ თავს გვახვევენ ათას სისაძაგლეს.  მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერია ქართველი ერი, ამას სიამაყით ვამბობ და შენ უმრავლესობას - ქრისტიანებს ჩაგრავ? გამოგყავს მიტინგზე ვიღაცეები და კანონში უნდა ჩამიწერონ, რომ ერთსქესიანთა ურთიერთობა კარგია? შვილიშვილი ასე უნდა გავზარდო? იცით, რამხელა შეურაცხყოფაა? ველოდებოდი ამ დღეს, ამ უწმინდეს კაცს, რომ ამას იტყოდა და მადლობა ღმერთს, რომ ათქმევინა ღმერთთან ყველაზე ახლოს მდგომ კაცს. ამას უნდა მიექცეს ყურადღება.


- ბატონო დიმა, პრემიერი თუ სამოქალაქო სექტორში გადავა, არ გაუჭირდება ეროვნული პოლიტიკის გატარება? ხომ ვიცით, ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმეა, რომლებიც უცხოეთიდან სოლიდური თანხებით ფინანსდებიან და ისიც ვიცით, რომ მათი პოლიტიკა შორს არის ეროვნულისგან...

- ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლური ფულით იკვებებიან და ისეთ რაღაცას აკეთებენ, რომელსაც ქართული საქმე არ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი ხელის მოქნევის გარეშე გაანადგურებს, ისეთ სამოქალაქო საზოგადოებას შექმნის. ამიტომ მიდის ამ სექტორში, იცის რა უნდა შექმნას, ამას დრო უნდა, ერთი წელი მაინც და ნახავთ, საქართველოში როგორი ძლიერი სამოქალაქო ოპოზიცია იქნება. ვინც გადაარჩინა საქართველო, ამ კუთხითაც გადაარჩენს.


- როგორც სოხუმელ კაცს, მინდა გკითხოთ. როგორ უყურებთ აფხაზეთის ტერიტორიაზე სირიელების ჩამოსახლებას და ამ საკითხზე მთავრობის მიერ არჩეულ დუმილის პოლიტიკას როგორ შეაფასებთ?

- ჩემი აზრი ცალსახაა, რომ ძალიან ცუდია, მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანი აფხაზები მძლავრობენ. გვავიწყდება, რომ ოჩამჩირე, გაგრა მთლიანად საქრისტიანოა. აქ სხვა პოლიტიკამ ითამაშა, რუსებმა 200 წლის მანძილზე შეცდომა დააშვებინეს ქართველსაც და აფხაზსაც, ამას აფხაზები უკვე თვითონ ხვდებიან. აფხაზი ვერასდროს მიიღებს სხვას, ვიდრე ქართველს. ამიტომ არ არის საშიში, მაგრამ ამაზე განგაში დროულად უნდა ატყდეს. ამით იმ აფხაზებსაც ხელ-ფეხს გავუსხნით, ვინც ზუსტად ისე ფიქრობს, როგორც მე. შეიძლება ხმამაღლა ვერ ამბობენ და არ შეუძლიათ, რადგან უყურებენ, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემს მეგობრებს რა განწყობა აქვთ. სირიელი უნდათ ახლა მაგათ?


- ამ მიდგომით რეალურად გეჩვენებათ აფხაზეთის დაბრუნება ?

- გეტყვით, რა უნდა მოხდეს. ეს არის ჩემი მეგობრის, გურამ ოდიშარიას ნათქვამი - სანამ აფხაზეთის ტერიტორიას დავიბრუნებთ, მანამდე თითოეული აფხაზი უნდა დავიბრუნოთო... საბედნიეროდ, არიან ასეთი აფხაზები. თითოეულ მათგანს უნდა მოვეფეროთ. რა თქმა უნდა, აფხაზების მხრიდან უზარმაზარი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ჩვენ უფრო დიდი ერი ვართ, უფრო მეტი მოგვეთხოვება... ვინმემ რომ მოისმინოს ომის პერიოდში მიცემული ჩემი ინტერვიუები, იტყვიან, ან ტყუის, ან მოსაკლავიაო. ამ გადასახედიდან მივხვდი, რომ ეს ასეა. ერთადერთი ამას შევცვლიდი, ისეთი მკაცრი არ ვიქნებოდი, როგორიც მაშინ. როცა მეუბნებოდნენ ჩემი უახლოესი აფხაზი მეგობრები ნუ აკეთებო ამას, როგორ ბედავთ მეთქი, მაგრამ თურმე მეუბნებოდნენ, შენ მაინც იყავიო გულმოწყალე, შენ უფრო ძლიერი ხარ, უფრო მრავალრიცხოვანი... წარმოიდგინეთ, ჩვენზე რომ მრავალრიცხოვანს იტყვიან, მაგრამ იმათთან შედარებით ასეა. ბევრ რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ... ერთხელ კახი კავსაძემ  ძალიან კარგად თქვა - მსოფლიოში არ არსებობს კუთხე, არ არსებობს ერი, არ არსებობენ ადამიანები, როგორც აფხაზებს შეუძლიათ, ჭიშკარში შესვლის შემდეგ თავი გაგრძნობინონ, როგორც ღმერთიო. ეს სხვას არა აქვს, არც ქართველს, ამას  ვამბობ მე, ქართველი. არ შეიძლება ამ ერმა შენს გარეშე იცხოვროს, დრო უნდა. ეს ძალიან ფაქიზი თემაა... გუშინ მანქანაში „ფოლკრადიოს" ვუსმენდი და „ვარადა" გაუშვეს აფხაზური ანსამბლის შესრულებით. გეფიცებით, ბღავილი დავიწყე, ახლაც მეტირება, ისე მომენტრა აფხაზეთი. რა უცნაურია... გენო კალანდიას ჰყავს ერთი აფხაზი მეგობარი პოეტი. ბატონმა გენომ დამირეკა და ტიროდა, მითხრა, შეხედე რა დაუწერიაო. აფხაზი პოეტი ლექსს ასე ამთავრებს - იმ გულს რა ვუყო, რომელიც ვერ ივიწყებს ნოდარ დუმბაძესო... ასეთ ადამიანებს უნდა მივბაძოთ, ასეთები ბევრნი უნდა გავხადოთ აფხაზეთში... ბევრი, რომელსაც არ ავიწყდება ნოდარ დუმბაძე, აი, ეს არის, მეტი არაფერი... 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016