„ჯიქიას ქუჩა #10-ში სტადიონის დანგრევის გამო მონაცვლე ტერიტორიის შესარჩევად მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ჯიქიას ქუჩაზე #10-ში მშენებლობის ნებართვა მათი წინამორბედების მიერ 2014 წლის გაზაფხულზე არის გაცემული.
ჯიქიას ქუჩა #10-ში სტადიონის დანგრევა და იქ მშენებლობის დაწყება დღეს თბილისის მერიასთან აქციაზე გააპროტესტეს.
„მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, რათა ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოეწყოს.
ჩვენს ქალაქს წლების განმავლობაში უყიდიდნენ სკვერებს, უყიდიდნენ ბავშვთა სათამაშო მოედნებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ინვესტორთან. ჩართულია ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, რათა ბავშვები აღარ დაგვრჩეს სათამაშო მოედნების გარეშე და აუცილებლად მოვძებნით სათამაშო მოედანს. მონაცვლეობაზე ვიფიქრებთ.
ასე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არანაირი მორალური და ადამიანური უფლება არ აქვს ამ საკითხზე ისაუბრონ და აპროტესტონ. გადაეცით ჩემგან, მოვიდნენ გონს და ნუ ცდილობენ, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ. ეს არის კიდევ ერთი მათ მიერ გაფუჭებული საქმე, რომლის გასწორებაზეც ჩვენ გვიწევს მუშაობა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.