ამ ოცდაათი წლის წინ, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, არცთუ იშვიათი მოვლენა იყო საგნის „ჩაწყობა", რაც უსწავლელი, უვიცი სტუდენტისთვის, ვიღაცის ან რაღაცის ხათრით, დადებითი, ან სულაც სასურველი ნიშნის დაწერას გულისხმობდა. ძნელად ნახავდით ლექტორს, რომელიც ქართულ მეგობრულ-ნათესაურ შეტევას არ ეპუებოდა და შეფასების ერთადერთ კრიტერიუმად ცოდნას მიიჩნევდა. სამწუხაროთ თუ საბედნიეროდ, ამ იშვიათთა შორის იყო ჩემი სიმამრი, სტუდენტთა რისხვა, თბილისის სახელმწიფო (მაშინ ერთადერთი) უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის დოცენტი, ოთარ ურიდია. ათჯერ მიიყვანდა სტუდენტს გამოცდაზე და, ვიდრე ძირფესვიანად არ ასწავლიდა, ნიშანს არ აღირსებდა. სტუდენტებსაც მეტი რა გზა ჰქონდათ და თანდათან ეფლობოდნენ ქართული ენის გრამატიკულ ლაბირინთებში. შედეგად: სტუდენტი იღებდა მყარ ცოდნას (ისეთს, გურამიშვილსაც რომ მოეწონებოდა), ოთარ ურიდიას უმტკიცდებოდა უზურპატორის სახელი. და ეს ხდებოდა მანამ, სანამ უკვე ცხოვრების ასპარეზზე გასული, ქართულის არმცოდნე ჟურნალისტების ან მასწავლებლების შემხედვარე ნასტუდენტარი არ აღმოაჩენდა, რომ ყველაზე დიდი სიკეთე სწორედ ამ „უმკაცრეს" ლექტორს გაუკეთებია - მიუცია ის, რისთვისაც იმ დალოცვილ ტაძარში მივიდა და რითაც მთელი ცხოვრება უნდა უნდა მოეპოვებინა არსობის პური. ცხადია, ამას გვიან, ძალიან გვიან ხვდებოდნენ.
ეს ყველაფერი იქეთ იყოს და, ნაბახუსევთან ბრძოლის მორიგ ეტაპზე, „არაგვში" (იყო ასეთი რესტორანი თბილისში), თანამეინახე შემევედრა, ჩემს ცოლისდას გამოცდა აქვს ურიდიასთან და უნდა მიშველო, ხუთიანზე ნაკლები რომ მიიღოს, შინ არ შეუშვებენო. შევცბი - ბატონ ოთართან თხოვნა რომ არ გაჭრიდა ვიცოდი. აქეთ ამპარტავნობა მექაჩებოდა - სიძე ვარ და რა მოხდა ერთი თხოვნა რომ შემისრულოს-მეთქი. მოკლედ, თავი მეჭრებოდა „გრუზინობაში".
მეორე დღეს, სიდედრ-სიმამრს დავადექი „აფრიკაში". კარგი კარმიდამო ჰქონდათ და იქაური მოსავლითაც ეხიდებოდნენ ოჯახს. აქეთურ-იქითურზე რომ ვილაპარაკეთ, გადავწყვიტე, სათქმელი შემოვლით მეთქვა და დავიწყე: როგორ არის თქვენი საქმე, როგორ სიძეს „ვოლგა" არ მეკუთვნის თქვენგან-მეთქი. როგორ არა, მაგრამ ახლა მაგის თავი არ გვაქვსო. გასწავლით გამოსავალს-მეთქი. სიმამრი ყურადღებად იქცა. თამარ მეგრელიშვილს (სახელი და გვარი მოგონილია) ფრიადი დაუწერეთ ზამთრის სესიაზე და „ვოლგაში" გაგიქვითავთ-მეთქი. ჩაეღიმა, ტყვილად გარჯილხარო - გადამასხა ცივი წყალი. ისე, სხვა პასუხს არც მე ველოდი. ბოდიში მოვუხადე, დავემშვიდობე და შინისკენ გამოვეშურე.
საშობაოდ ცოლეურს ვესტუმრე. გახანგრძლივებულ სადღესასწაულო განწყობას ხარკი გადავუხადე და კიდევ ერთხელ შევუდექი ბახუსისკენ მიმავალ აღმართს. ორი ჭიქა არ მქონდა დალეული, სიმამრი მეკითხება, რა ხდება, ისევ მიცვლი „ვოლგას" ხუთიანშიო. დაცინვას კაცი არ მოუკლავს-მეთქი, ჩავიბურტყუნე და გახუხული ხინკლისკენ გავაპარე მზერა. არ მომეშვა, რომ დამეწერა ფრიადი, „ვოლგაზე" პრეტენზია აღარ გექნებოდაო. არა-მეთქი. ჰოდა, კარგად იყავი, იმ შენს მეგრელიშვილს ხუთიანი გავუფორმეო. შევცბი. ასეთ შემობრუნებას არ ველოდი. ნუ ნერვიულობ, კარგად იცი, არც „ვოლგის" მყიდველი ვიყავი და არც უვიცისთვის ნიშნის დამწერი, იცოდა ბავშვმა საგანი და ცოდნას როგორ დავუკარგავდიო.
სიმართლე გითხრათ, ამოვისუნთქე. ცხადია, სიმამრი მანქანის მყიდველი არ იყო და საძმაკაცოში მაინც შევინარჩუნე რეპუტაცია-მეთქი. ასე დავემშვიდობე სიმამრისგან პრესტიჟული საჩუქრის ყიდვის ილუზიას. სამართალმაც პური ჭამა და უჩვენოდაც ფრიადით შეაფასა თამარ მეგრელიშვილის ცოდნა.
P.S. ბევრი წლის შემდეგ, როცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი დაიშალა და დამსახურებული, ამაგდარი ადამიანები ბედის ანაბარა დარჩნენ, საშუალება მომეცა, სიმამრისთვის ავტომანქანა მეჩუქებინა. საახალწლოდ, გავვარდი ბაზრობაზე და ოთარს ჩალისფერი, „ტაოტიანი" 06 მივგვარე. თვალზე ცრემლი მოადგა, მე ხომ ამას ვეღარ შევძლებდიო. გურულად მოვუქციე ყბა - ასეა, მთელ ქვეყანაზე სიმამრები ყიდულობენ სიძეებისთვის მანქანებს, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქითაა, დაიმახსოვრეთ, პირველი სიძე ვარ, სიმამრს რომ მანქანა აჩუქა-თქო. აი, ასე „გავცვალე" „ვოლგა" ხუთიანში. არადა, ურიდიას ხუთიანი კი იყო ვოლგაზე ძვირფასი!
წყარო: sputnik-georgia.com, ვახტანგ ხუნდაძე