„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ონლაინკრედიტები და ესემესსესხები კონკრეტული რეგულაციებით არ რეგულირდება", - ამ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძნებელი მარიკა არევაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში აკეთებს:
„ვფიქრობ, ეს გარკვეულ ხარვეზებს ქმნის პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში, თვითონ მსესხებელზე, პროდუქტის მომხმარებელზე აისახება. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მარტივად, ინფორმაციის გადაუმოწმებლად ხდება სესხის გაცემა. სესხი შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერ პირზე, არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაობს თუ არა, ანუ, არის თუ არა გადამხდელუნარიანი ამის შემოწმება არ ხდება. ეს განაპირობებს იმას, რომ ამ ფორმით გაცემული სესხები პრაქტიკულად მაღალი რისკის მატერიალურ აქტივებს განეკუთვნება და სესხის გამცემი კომპანია, თავის მხრივ, მაღალი რისკის წინაშე დგას. ამის გამო, ისინი, სავარაუდოდ, თავის დაზღვევის მიზნით, იყენებენ საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს და გადამხდელუნარიანი მსესხებლებისგან იღებენ ძალიან დიდ თანხებს. აუცილებლად შესამოწმებელია, რამდენად ჯდება ამხელა საპროცენტო განაკვეთები კანონმდებლობის ფარგლებში...", - ამბობს მარიკა არევაძე.
წყარო: ალია