4 იანვარს, მე-10 სართულიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მაღაზია „წიგნები ბათუმში" დააზარალა. ჩამოინგრა შენობის ნაწილი, საწყობში წიგნების ნახევარზე მეტი დასველდა და განადგურდა. მაღაზია მაღალმთიანი სოფლების სკოლებში საგანმანათლებლო პროექტის წამოწყებას გეგმავდა.
მაღაზიის დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. მაღაზიის facebook-გვერდზე დაზარალებულებს თანადგომას უცხადებენ მკითხველები და თოვლით დასველებული წიგნების შეძენაზეც არ ამბობენ უარს.
„მშვიდად ვერ ვიქნებოდი სულ ცოტათი მაინც რომ არ დავხმარებოდი ჩემს საყვარელ ბუქშოპს... სულ ხვეწნით წამოვიღე ეს ერთი წიგნი. ოდნავ დასველებული იყო, გავაშრე, გაბუთქუჩუნდა მაგრამ ჩვეულებრივად იკითხება", - წერს ანა ფაღავა facebook-ზე, რომელმაც მაღაზიაში წიგნი შეიძინა. მკითხველის ინფორმაციით, ასობით წიგნი სრულიად განადგურდა.
მაღაზიის დახმარების ერთ-ერთმა მსურველმა ანი ჩხიკვაძემ generosity.com-ზე „წიგნები ბათუმში" გადასარჩენად კამპანია განათავსა. ამ დროის მონაცემებით, 66-მა ადამიანმა მაღაზიისთვის $1,119 შეაგროვა. კამპანია გრძელდება.
წყარო: goodnews.on.ge