„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ „ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ახალი ამბების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ფუტკარაძე დაინიშნა. აღნიშნული საკადრო ცვლილების შესახებ თანამშრომლებს ცოტა ხნის წინ, თათბირზე შეატყობინეს.
„ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის შემადგენლობაში იყო ახალი ამბების სამსახური, რომლის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო და გიდასტურებთ, რომ გიორგი ფუტკარაძე იკავებს პირველი იანვრიდან ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობას. არავინ შეგვიცვლია. სტრუქტურული გადანაწილებიდან გამომდინარე ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელიც მე ვარ. ლაშა მიქაძე კვლავ რჩება მთავარი გამოშვების პროდიუსერად", - განაცხადა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ.
გიორგი ფუტკარაძე ბოლო ორი წლის განმავლობაში „მოამბის" ჟურნალისტად მუშაობდა.
წყარო - „ინტერპრესნიუსი"