თელავში მოკლული ორი პოლიციელი დღეს დაკრძალეს. გარდაცვლილები თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მოქმედი და ყოფილი შს მინისტრები - გიორგი მღებრიშვილი და ალექსანდრე ჭიკაიძე, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი, ასევე დეპუტატები დაესწრნენ.
„დიდი ტრაგედიაა, როცა ღირსეული პოლიციელები იღუპებიან. ეს არის მთლიანად საზოგადოების ტრაგედია, ამიტომ თავისთავად ცხადია, მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი ფიქრი იმაზე, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს ადეკვატური და მოქალაქეებს ჰქონდეთ განცდა, რომ ეს უსაფრთხოების ზომები ისევ და ისევ ყველა ჩვენთაგანისთვის არის განკუთვნილი", - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.
გელა ლამაზოშვილი და მაია ჯავახიშვილი თელავში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს შენობის ეზოში 30 დეკემბერს მოკლეს. ბრალდებული სანდრო მ. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.