მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემას 4 ახალი ელემენტი ოფიციალურად დაემატა, რის შედეგადაც ცხრილის მეშვიდე რიგი შეივსო. ელემენტები ატომური ნომრებით 113, 115, 117 და 118 თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა (IUPAC) ოფიციალურად სცნო.
ორგანიზაციის განცხადებით, 115-ე, 117-ე და 118-ე ელემენტები ამერიკელ და რუს მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა, 113- ელემენტი კი იაპონელ მკვლევართა ჯგუფმა რიკენის ინსტიტუტიდან.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ახალი ელემენტებისთვის მუდმივი სახელებისა და ქიმიური სიმბოლოების შერჩევა.
„ქიმიკოსთა საზოგადოება ძალიან მოხარულია, რომ ასე სათუთი ცხრილის მეშვიდე რიგი ბოლოს და ბოლოს შეივსო. IUPAC-ი ამჟამად ამ ელემენტებისათვის სახელებისა და ქიმიური სიმბოლოების შერჩევაზე მუშაობს", - აღნიშნა IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილების პრეზიდენტმა, პროფესორმა იან რიდიკმა.
ახალ ელემენტებს სახელი შესაძლოა ეწოდოს მითოლოგიიდან, მინერალების, ადგილის ან ქვეყნის მიხედვით, ასევე რომელიმე მეცნიერის პატივსაცემად.
მას შემდეგ, რაც თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის შესაბამისი განყოფილება ელემენტებს სახელებსა და ორ-ასოიან სიმბოლოებს შეურჩევს, მოხდება მათი წარდგენა საჯარო განხილვისათვის, რაც ხუთ თვეს გასტანს.
ქიმიკოსთა ორგანიზაციის საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველა ამ პროცედურის დასრულების შემდეგ მიიღებს.
http://1tv.ge/ge/news/view/114842.html