reportiori.ge - ქართველი ფოტოგრაფის ფოტო მსოფლიოში 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოდ აღიარეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:42
პრეს-დაიჯესტი
ქართველი ფოტოგრაფის ფოტო მსოფლიოში 2015 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოდ აღიარეს
ავტორი:
06 იანვარი, 2016. 11:54

 

 

„როიტერი", „თაიმი", „ბი-ბი-სი" 2015 წლის საუკეთესო ფოტოებს ასახელებს. მათი ერთ-ერთი ფავორიტი ქართველი ფოტოგრაფი ბესო გულაშვილი აღმოჩნდა. მისი ფოტო -ბეჰემოთი ბეგი „სვოჩის" მაღაზიასთან 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას ასახავს. რას ამბობს თავად ფოტოგრაფი ხმაურიან წარმატებაზე, ბესო გულაშვილი „კვირას" ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს...




- უკვე ვიძინებდი, სამსახურიდან დამირეკეს და ასე გავიგე 13 ივნისის ტრაგედიის შესახებ... რა თქმა უნდა, ვალდებული ვიყავი, იქ ვყოფილიყავი და მადლობელი ვარ ჩემი სამსახურის, რომ გამაგებინეს. ძალიან ბევრმა ფოტოგრაფმა ვერ გაიგო და ამის გამო გვიან მოვიდნენ გადასაღებად... ზუსტად იმ დროს და იქ აღმოვჩნდი მაშინ, როცა უნდა ვყოფილიყავი. ღამის პირველ საათზე მივედი, ეპიცენტრში ვიყავი და დილის 4 საათამდე თითქმის ყველგან -  ჩიქოვანზე, სვანიძის ქუჩაზე, გმირთა მოედანზე შევძელი მისვლა და იმის სრული სურათი ვნახე, რაც ხდებოდა. ვიცოდი, რომ ცხოველები გაიქცნენ... ძალიან ცუდი სიტუაცია იყო და მეტ-ნაკლებად ადაპტაცია გავიარე...


- მანამდე თუ გქონდა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება?


- ექსტრემალურ სიტუაციაში ყოველთვის ვარ... ვულკანი არ მინახავს, ისე კი თითქმის ყველა სიტუაციაში მიმუშავია.


იმ დღეს არა მარტო ადამიანებთან, გაქცეულ ცხოველებთანაც მომიწია მუშაობამ. სამსახურიდან წავედი ჩემი ინიციატივით და ვეცადე, ჩაკეტილ ზონაში შევსულიყავი... მოვახერხე და შევძელი წყლით გაბერილი ზოოპარკის მკვდარი ბინადრების გადაღება... სახიფათო იყო, მაგრამ ვფიქრობდი, რომ მუხლებამდე ტალახში გაქცეულ ცხოველებს სირბილი არცთუ ისე გაუადვილდებოდათ. თან ირგვლივ პროფესიონალების ჯგუფი მუშაობდა, რომლებიც ცხოველებს ტრანკვილიზატორებს ესროდნენ.


- რა იყო ეს აზარტი, ვალდებულება თუ...


 


- ბეჰემოთი დადიოდა ქალაქში, უცნაური სიტუაციაა, ხომ? „სვოჩის" მაღაზიაში იდგა ბეგი და ყიდულობდა საათს... რა თქმა უნდა, საინტერესო იყო. მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთი კუთხით აღარ მიმუშავია, ძირითადად, სამსახურიდან გამომდინარე მიწევს ფოტოების გადაღება. ამ დღეს კი, როცა ამოსუნთქვის საშუალება მოგვეცა, სამსახურში ვთხოვე, - „კიდევ ერთხელ წავალ და ფოტოებს გადავიღებ-მეთქი"...  და გამიშვეს... წავედი ფეხით, მივედი ისევ იმ ადგილას და  უკვე ჩემთვის დავიწყე გადაღება. ვიღებდი იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქალაქის ქრონიკაა, შემდეგ უკვე სხვა დანარჩენი მიზეზი...


- ფოტოების მომავალი და მსოფლიო წარმატება...

 

 


- იქ რომ ვიყავი, სხვა ფოტოგრაფები ვერ ვნახე... თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ იქ იყვნენ: ირაკლი გედენიძე, გოგა ჩანადირი... თუმცა, იქ სადაც მე ვიდექი, არ ჩანდნენ, ალბათ სხვა ადგილებში მუშაობდნენ. მივხვდი, რომ ამ სიტუაციების ამსახველი ფოტოები არავის ექნებოდა და საინტერესო იქნებოდა სააგენტოებისთვის. დავურეკე: „როიტერს", „ფრენჩ-პრესს", „ასოშიეიტედ პრესს". დაინტერესდნენ და ძალიან ბევრი ფოტოები წაიღეს.


- ...და აღმოჩნდა „როიტერის", თაიმის", „ბი-ბი-სის"  2015 წლის საუკეთესო ფოტოებში, თუ ელოდი...

 

 


- სიმართლე გითხრათ, ამაზე არ მიფიქრია... ვთვლი, რომ იმ ფოტოებს შორის, რომელიც მე სააგენტოებს მივაწოდე, 13 ივნისის ტრაგედიის ამსახველი ეს ფოტო არ არის... მაგრამ მივხვდი, რომ მათ ამ შემთხვევაში ტრაგიზმი არ აურჩევიათ, ეს უფრო ლირიკული გადახვევაა, ცოტა იუმორნარევი, სხვა მიმართულებაა... ჩემთვის 13 ივნისი არის ტრაგედია, მათთვის - ბეჰემოთი „სვოჩის" მაღაზიის წინ. რა თქმა უნდა, თვითონ ეს ფაქტი, საუკეთესოთა შორის ჩემი ფოტოს დასახელება მიხარია და ძალიან კარგია.

 

 


- ამ ფოტოზე რა ჩანს, მსოფლიო როგორ გაიცნობს საქართველოს?


- მსოფლიო საქართველოს ვერ გაიცნობს, გაიცნობს მარტო ბეჰემოთს. საქართველო აქ არაფერ შუაში არ არის, მსოფლიომ გაიცნო ბეჰემოთი. ამ ფოტოზე ტრაგიზმი არ ჩანს, უბრალოდ მათ ეს აღარ დასჭირდათ. ერთი ფოტოა იქ - უცხოელი ფოტოჟურნალისტის (Soe Zeya Tun-ის), სადაც წვიმა მოდის და ამ წყალს ხალხი ავსებს, ესეც ლირიკაა. თუმცა იმ ქვეყანაში დიდი ტრაგედიაა, მაგრამ „როიტერის"დამოკიდებულება აქაც სხვანაირია, მათ ეს აირჩიეს... მე ვეცადე, ბეგი გადამეღო ისე, რომ ფოტოს ნახვისას მიმხვდარიყვნენ, ეს ქალაქის ცენტრია, „სვოჩი" კი ამას ადასტურებს... ბეჰემოთი შეიძლება იყოს ტყეში, მაგრამ საათების მაღაზია არა...


- როდის და რატომ დაინტერესდი ფოტოგრაფიით...

 

- ვარ მხატვარ-რესტავრატორი, ვმუშაობდი ფრესკების კონსერვაციაზე. პირველად გელათის ტაძარში ვიმუშავე. რესტავრაციის დროს, რა თქმა უნდა, მოდიოდნენ ფოტოგრაფები და იღებდნენ, რა იყო და რა იქნებოდა მომავალში. სწორედ მაშინ დავინტერესდი... ვიყიდე პირველი ფოტოაპარატი, დედა ქიმიკოს-ინჟინერია და გამჟღავნებისას რჩევებს ვეკითხებოდი. ალბათ ყველას ახსოვს წითელი შუქით განათებული ბნელი ოთახი  და კადრის გამჟღავნების მოლოდინი... ასე შემიყვარდა ფოტოგრაფია, ყველაზე საინტერესო მომენტი იყო, როცა ფოტო გავყიდე და მივხვდი, რომ ამაში ფულს იხდიან. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი და წამახალისებელი. ასე გადმოვედი რესტავრაციიდან ფოტოგრაფიაში.


- რას იტევს ბესო გულაშვილის მიერ გადაღებული ერთი კადრი...


 


- ამ ერთ კადრში არაფერიც და ყველაფერიც ეტევა. გააჩნია, როგორ გაგიმართლებს. მე გადაღების დროს ვერ ვფიქრობ. თუმცა რაღაც ემოციები მაინც მეპარება ხოლმე. ახლახან მომიწია პარიზში მიტინგზე ყოფნა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. აქამდე რასაც ვიღებდი, ყოველთვის საქართველოს და თავისთავად მე მიკავშირდებოდა. საფრანგეთში მომეცა საშუალება ნეიტრალური ვყოფილიყავი. ინსტინქტურად დავიწყე გადაღება. ვიცი, რომ ამას ვერ გავყიდი, არავის სჭირდება ყველა სააგენტო და მილიონი ფოტოგრაფია... მაშინ რა მინდა, რისთვის ვიღებ... ისვრიან ცრემლსადენ ტყვიებს, მაგრამ მაინც საინტერესო იყო ჩემთვის. ყოველთვის, როცა ფოტოგრაფი იღებს, ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ შენმა ფოტომ ან ფოტო რეპორტაჟმა, რაღაც სიკეთე უნდა მოიტანოს. 13 ივნისის შემთხვევაში, ძირითადად, ეს იყო ფოტოდოკუმენტალისტიკა, თუმცა თბილისის ზოოპარკმა ამ ფოტოებიდან მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღებაც შეძლო (მაგ. ცხოველი, რომელიც ცოცხალი ეგონათ, ფოტოების მიხედვით დაადგინეს, რომ უკვე მკვდარი იყო), ასევე ფოტოების ნახვის შემდეგ, საქართველოს ფარგლებს გარეთ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, თბილისის ზოოპარკს დახმარებოდნენ... ამის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ფოტოებმა რაღაც სარგებელი მოიტანა და ეს ძალიან მახარებს...


 


- რა გამოცდილება მოუტანა ქართველ ფოტოგრაფებს 13 ივნისის ტრაგედიამ?..


- ამ ტრაგედიიდან ძალიან მალე, ერთ თვეში გაიმართა გამოფენა... 120 ფოტო იყო წარმოდგენილი. პროფესიონალების, არაპროფესიონალების და მოყვარულების... დაახლოებით 20 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოების არჩევა, დაბეჭდვა და გამოფენა მომიწია. მინდა ვთქვა, რომ ამ დღეს ქართველმა ფოტოგრაფებმა ძალიან კარგად იმუშავეს. გავა 100 წელი და როცა ამ დღის ამსახველ ფოტოებს სახელმწიფო არქივში მოიკითხავენ, ძალიან სრული და კარგი მასალა დახვდებათ. ამ დღეს თვალი მიაპყრეს  სხვა რაღაცებს, პატარა ნიუანსებს და იმხელა უბედურებაში ეს ძალიან კარგი ფაქტი იყო...


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო: kvira.ge, ნინო ჯაჯანიძე


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016