reportiori.ge - გია კორკოტაშვილი: ფრთხილად, ხალხი ლინჩის წესზე გადავა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:13
ინტერვიუ
გია კორკოტაშვილი: ფრთხილად, ხალხი ლინჩის წესზე გადავა!
ავტორი: ანა ნოდია
25 ნოემბერი, 2013. 17:39

„პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, რადიოწამყვანი და მსახიობი, გია კორკოტაშვილი პოლიტიკურ მარათონში აქტიურად არის ჩაბმული. კორკოტაშვილი „რეპორტიორთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება მათ მიერ, პროფესიონალურად ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს არ და ვერ დააკმაყოფილებს, მანიფესტაციებზე გადავლენ. იგი გულნატკენია ადამიანებზე, რომლებმაც არ დაუფასეს ამ წლების განმავლობაში სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

- ჩემი ერთადერთი და მუდმივი აზრია - ბატონმა ბიძინამ მოახერხა და გააკეთა ის, რაც ჩვენ ვეცადეთ, მაგრამ ვერ შევძელით. ჩვენში ნაგულისხმევი მყავს ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც ათი წლის განმავლობაში არაფერს მოერიდა - შიშს, შიმშილს და არც სხვა რამეს. აღვნიშნავ, რომ ეს იყო ის შავი საქმე, რომელიც გავაკეთეთ მანამდე, სანამ მოვიდოდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამას ისტორიაც დაწერს, ვინ როგორ გაწირა თავი და ვის რად დაუჯდა ეს წლები. მე იმ ბიჭებზე მაქვს საუბარი, რომლებმაც ციხე გამოიარეს, იმ ადამიანებზე, ვისაც საკუთრებები ჩამოერთვა, იმ ხალხზე, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარი ფსიქიკის ფასად დაუჯდა.


მოვიდა ბატონი ბიძინა თავისი გუნდით და მაშინვე ვთქვი, რომ ეს არის გამარჯვებული გუნდი, მაგრამ ეს ნამდვილად არ ყოფილა „საქართველოს ნაკრები". სამწუხაროდ, ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ, მიტმასნილია ბიძინა ივანიშვილის სახელს... მათი უმეტესი ნაწილი ამ წლების განმავლობაში არ მინახავს თავგანწირულად მებრძოლი. არ მინდა გავაკეთო პერსონიფიცირება, თუმცა, ამის დროც მოვა, როცა კონკრეტულ პიროვნებებს ვამხელ! როცა ხან მინისტრი, უნდა იცოდე, გყოფნის თუ არა გამოცდილება, ნიჭი, კომუნიკაცია, დიპლომატია! ის სარეველები კიდევ არიან ჩარჩენილები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და არა მხოლოდ ჩარჩენილები არიან, არამედ, ღდესაც განსაზღვრავენ პოლიტიკის გარკვეულ ნაწილს!

 

- დააკონკრეტებთ, ბატონო გია?

- ავიღოთ ნებისმიერი სამინისტრო, ნებისმიერი ადგილი, მერია, ისევ „ნაცმოძრაობის" საზოგადოებაა შეკრებილი... სამინისტროებში ძალიან ბევრი წინა ხელისუფლების კადრია, თუმცა, არ ვიცი, რის და ვის ხარჯზე... მე გუნდს შევცვლიდი! ახალი სახელმწიფოს მშენებლობას დავიწყებდი ახალი საზოგადოებით. ავარჩევდი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან... უყურადღებობამ გამოიწვია დიდი ტკივილი ამ ხალხში. ეს ტკივილი ნელ-ნელა დაგროვდება. მარტო ბატონი ბიძინას ფაქტორი ვერ ყოფნის ამ ყველაფერს.


- გულნატკენ ხალხში საკუთარ თავს მოიაზრებთ?

- დიახ, გულნატკენი ვარ... ყურადღება არ მომაქციეს... არადა, შემეძლო, ნებისმიერ სფეროში, სადაც დამაყენებდნენ, პატიოსნად მემსახურა! არადა, ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა... თუმცა, დელიკატურად, ლამაზი ფორმით მითხრეს უარი... არც ვიცი, რატომ... ისე, სხვანაირად ნუ გამიგებთ, ახლა წყენის დრო არ არის... ან, ვის და რას უნდა გავებუტო?


- რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ „პატრიოტთა ალიანსი" და რა არის თქვენი სამოქმედო გეგმა?

- მე ვნახე ბევრი უყურადღებოდ დარჩენილი ადამიანი, ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც ვერ დაუბრუნეს წართმეული ქონება, ბევრი, რომლებმაც სამართალი ვერ იპოვეს! ბევრი - სოციალურად დაუცველი! საზოგადოებას ჩვენს თავს ვთავაზობთ და მოდით, კოჰაბიტაციაში ჩვენთან შემოვიდნენ და არა - „ნაციონალებთან!" თუკი კვლავ ვერ ვნახავთ ხელისუფალთა მხრიდან ყურადღებას, მაშინ დაიწყება მანიფესტაციები! დიახ, ვინც სულიერად და მორალურად გაუპატიურებული და ღირსებააყრილი ადამიანია, ყველა ამ საზოგადოებაშია!

ერთიცაა - ჩვენ სახელმწიფოს ხელს არაფერში ვუშლით... პირიქით, ხელშეწყობისთვის არსებობს ჩვენი ორგანიზაცია!

 

- ხშირად საუბრობთ, რომ სააკაშვილი ცუდი წარსულის ადამიანად მოგიხსენიებდათ...

- სააკაშვილი უყურებდა ქვეყანას, როგორც თავის სათამაშოს. ეგონა, რა ფორმასაც უნდოდა, იმას მიაღებინებდა... მოუნდებოდა ქალი, მისთვის ეს არ უნდა ყოფილიყო დაბრკოლება; მოუნდებოდა გადაფრენა - გადაფრინდებოდა; მოუნდებოდა თავის დაბანგვა - ყველა საშუალებით დაიბანგებოდა. ნებისმიერი ადამიანის განკითხვა შეეძლო, ნებისმიერის შეურაცხყოფა, ნებისმიერ კაცის დაჭერა...მხოლოდ ჯინიანობის გამო! სააკაშვილს თავის ხუშტურებზე ჰქონდა აწყობილი ქვეყანა! მეტიც: ვისაც იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ემსახურებოდა ერთ გამოყეყეჩებულ ადამიანს!


ის, რომ ციხეში არ აღმოვჩნდი, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის წყალობაა. რა ინტენსივობითაც ჩვენი გუნდი, ჩემი საძმაკაცო, სამეგობრო, მიშას დავეტაკეთ, იქ გადარჩენის შანსი არ არსებობდა, კისერი უნდა მოეღრიცა ჩვენთვის!


ან, დაავიწყდა ვინმეს, რომ რუსეთთან ომი მისი ჩხიკინის გამო დაიწყო? ამხელა კაცი რომ ხარ, ხომ უნდა განსაზღვრო ნაბიჯები? ბოლო-ბოლო პოლიტიკოსი ხარ! მიშა მხოლოდ იმას აკეთებდა, რასაც უნდოდა და იმიტომ დაგვემხო ყველაფერი თავზე!


საქართველოში უნდა აღდგეს სამართლიანობა! თქვენი მეშვეობით პროკურატურასაც მივმართავ, ძალიან სუსტები ხართ, თუ იმის დამტკიცება არ შეგიძლიათ, ამ ათი წლის განმავლობაში როგორ ამახინჯებდნენ ქართულ სულიერებას, როგორ ფლანგავდნენ ფულს და როგორ გვამხობდნენ თავზე ქვეყანას, აბა რა გინდათ მანდ?!


ვშიშობ, რომ საჭირო იქნება ლინჩის წესით გასამართლება! თუ საქართველოში სამართალი არ იარსებებს, ეს საშიშროება რეალურად არსებობს!


თქვენ გგონიათ, ვინც ამ სისტემაშია, ისინი ფიქრობენ, რომ სამართალი არსებობს? ეს ნაძირლები, ვინც ათი წლის განმავლობაში საზოგადოებას სულიერად და მატერიალურად აუპატიურებდა, როგორ არიან მშვიდად?! ფრთხილად, ხალხი ლინჩის წესზე გადავა! 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016