აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ დღეს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონში დიდთოვლობის შედეგად წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა.
მისი თქმით, დიდთოვლობის შედეგად რეგიონს დიდი ზარალი არ უნახავს და პირველადი მონაცემებით, ზიანი 10 ათას ლარამდეა:
„უახლოეს დღეებში, როცა დასტაბილურდება სიტუაცია, დავითვლით ზარალს. პირველადი ინფორმაციით, ზარალი 10 ათას ლარამდეა. ამ დროისათვის ქობულეთში გათიშულია 700-მდე აბონენტი. მიმდინარეობს სამუშაოები, ძირითადად პრობლემები სოფელ ქაქუთის მიმართულებითაა. დღეს დილიდან შეგვექმნა პრობლემა ხულოს რაიონში, სადაც 2 600 აბონენტია გათიშული. დღის ბოლომდე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეს სურათი.
გზების დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში ცენტრალურ გზებს წმენდს და ავტოტრანსპორტის კუთხით შეფერხება რეგიონში არ ფიქსირდება.
წყალსადენის ძველი სისტემის აბონენტებს დღეს შეზღუდული აქვთ წყლით მომარაგება, რაც საღამომდე აღმოიფხვრება", - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.