პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ახალი, 2016 წელი პარლამენტის თბილისის სასახლეში აღნიშნეს. სადღესასწაულო, ყოველწლიური კორპორატიული მიღება საახალწლო მუსიკით გაიხსნა და პარლამენტის თავმჯდომარის მისალმებით და მილოცვით გაგრძელდა.
დავით უსუფაშვილი: „მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს, რომელიც წელს ისე მოვიდა, რომ შრომაში გართულებმა ვერც კი ვიგრძენით და ახალ წლამდე მოლოცვაც ვერ მოვახერხეთ. დღეს გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინ წასულ ქვეყანას და მშვიდობას. 2016 წელი დადგა! არჩევნების წელია და პარლამენტის ყველა თანამშრომელს ამ წლის ბოლოს უკეთეს პარლამენტს გისურვებთ. ძალიან კარგი პარლამენტი გვყავს ჩვენ, მაგრამ გვინდა კიდევ უფრო უკეთესი, ძალიან კარგი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ გვინდა კიდევ უკეთესი, ძალიან მაგრები ვართ ჩვენ, ქართველები, მაგრამ უნდა გავხდეთ კიდევ უფრო მაგრები და უკეთესები, ამიტომ 2016 წლის მანძილზე კარგ ამბებს გისურვებთ, ყველა იმ ჩანაფიქრის ასრულებას გისურვებთ, რომელიც თვითოეულ თქვენგანს გაქვთ საკუთარი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის და ქვეყნისთვის."
მისასალმებელ სიტყვაში პარლამენტის თავმჯდომარემ გასული, 2015 წელიც გაიხსენა და იმ მიღწევებსა და წარმატებებზე ისაუბრა, რასაც პარლამენტმა და ზოგადად, ქვეყანამ მიაღწია. მისი შეფასებით, ყოველი წარმატება თითოეული ადამიანის შრომის და ღვაწლის და მთლიანად ერთიანი გუნდის შედეგია. დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლების სახელით პარლამენტის წევრებს თავისი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და თავისი კოლეგების, დეპუტატების სახელით ასევე მადლობა მოახსენა აპარატის პერსონალს იმ შრომისთვის და გამძლეობისთვის, რაც ამ წლებში წარიმართა.
კორპორატიული საღამო პარლამენტის აპარატში მომუშავე იმ თანამშრომლებისთვის სამახსოვრო საჩუქრების გადაცემით გაგრძელდა, რომელთაც პარლამენტში მუშაობის 25 და მეტ წლიანი სტაჟი დაუგროვდათ. პარლამენტის თავმჯდომარემ აპარატის 7 თანამშრომელს სპეციალური საჩუქრები გადასცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. საჩუქრებით, სახელობითი ავტოკალმებით, დასაჩუქრდნენ ასევე აპარატის 53 თანამშრომელი, რომლებმაც პარლამენტს საკუთარი საქმიანობა 20 წელზე მეტი დაუკავშირეს.
„პარლამენტმა ერთი თვის წინ საქართველოში მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილე აღნიშნა. მრავალპარტიული არჩევნებიდან 25 წელი ნიშნავს ქართული პარლამენტის 25 წელს. 25 წელია საქართველოს ყავს თავისი ეროვნული, მრავალპარტიული პარლამენტი, თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი. ჩვენ ავღნიშნეთ არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს 25 წელი და ამ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ბევრი ადამიანი ქმნიდა ამ წლების განმავლობაში და ესენი არ იყვნენ მხოლოდ პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები და ლიდერები. ესენი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო მოხელეები, ადამიანები, რომლებიც ამ ხნის ამ კედლებში, ამ პარლამენტში აკეთებენ თავიანთ საქმეს, ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს განსაკუთრებით გამოვარჩიოთ რამდენიმე თანამშრომელი, რომელთაც პარლამენტში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი გააჩნიათ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა დაჯილდოების წინ.