შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული გია ე. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „მაკაროვი“-ს ტიპის პისტოლეტი, ორი მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში გია ე. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების და განზრახ მკვლელობისთვისაა ნასამართლევი. იგი 2008 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით იყო შეწყალებული. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).