მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ე.წ. შეწყალების საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ საქმის ჩაფარცხვაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და პროკურატურას რაიმე შედეგზე ჯერ არ უსაუბრია.
"ალეკო ელისაშვილის პრეტენზიებს ვერ გავიზიარებ, მიუხედავად სადღესასწაულო დღეებისა, გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ყოველდღიურად ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, იმ ფაქტების გადასამოწმებლად, რაზეც მიუთითებს ალეკო ელისაშვილი. შესაბამისად, რაიმე ჩაფარცხვაზე საუბარი, როდესაც გამოძიების რაიმე შედეგებზე არ გვისაუბრია, არასწორია. საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ, პირობა დავდეთ, რომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდიდით გამოძიების შესახებ და ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.