საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებისგან ელექტროენერგიის მიწოდებისა და გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
„სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, რომ უპირეველს ყოვლისა მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია, ბრიფინგის სახით, გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე - ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება. მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება რაიმე უბედურება მოხდეს. მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც ვუთხრათ.
ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და თუ ვერ ასრულებს პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. იმიტომ, რომ, ალბათ, ჩვენ თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას.
მთავრობა არის პასუხისმგებელი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს კარგი კომპანიები წაახალისოს, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, სანქციები იქნას გამოყენებული და ეს ყველაფერი მომავალ ურთიერთობებში იქნას გათვალისწინებული. ამას რა თქმა უნდა, ჩვენი კონტრაქტორი კომპანიების გასაგონადაც ვამბობ", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა