ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.
„ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პოლიტიკურ ოპონენტებს უკავშირდება. ისინი ქმნიან ყალბ ჯგუფებს. მათ შორის, ჩემი სახელითაც მინიმუმ 30 გვერდია შექმნილი სოციალურ ქსელში. ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არღვევს ეთიკურ სტანდარტებს. ამაში ბრალს ვდებ „ნაციონალურ მოძრაობას" და იმ ჯგუფებს, რომლებიც მათთნ ერთად არიან.
სწორედ ამიტომ დაიწყო სამართლებრივი დავა. იმდენ განცხადებას გავაკეთებ სასამართლოში, რამდენი ცილისწამებაც იქნება. ამით არ დავიღლები.
ელისაშვილი თუ ვინმე სხვა, იქნება იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა აგონ პასუხი საკუთარი განზრახ ცრუ ბრალდებებისთვის. დაველოდები პროკურატურის დასკვნას და შესაბამის პროცესს გავაგრძელებ. საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან, რომლის მონაწილეა ელისაშვილი და შესაძლოა სხვებიც იყვნენ.
მე მასთან მექნება თხოვნა, რომ იმ სულელურ და ცრუ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს, დაურთოს კონკრეტული ფაქტები და ამაზე ისაუბროს. ამ ადამიანს დღემდე არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დაუსახელებია.
ვაიძულოთ პოლიტიკოსები საკუთარი შეფასებების დროს კონკრეტულ ფაქტებზე ისაუბრონ. ელისაშვილი არის ჩამოყალიბებული ფლიდი, რომელიც განზრახ აკეთებს ამ ყველაფერს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.