reportiori.ge - ცხოვრება თვითდამკვიდრებისთვის მუდმივი ბრძოლაა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:22
პრეს-დაიჯესტი
ცხოვრება თვითდამკვიდრებისთვის მუდმივი ბრძოლაა...
09 იანვარი, 2016. 22:04


თბილისში 91 წლის ასაკში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალბატონი მედეა ჯუღელი გარდაიცვალა. გთავაზობთ ჟურნალისტ თამაზ ჩიქვანაიას მოგონებას სახელგანთქმულ ტანმოვარჯიშეზე.



7 იანვარის დილას მეგობარმა დამირეკა, შობა მომილოცა და ერთი სამწუხარო ამბავი შემატობინა: 91 წლისა, დიდებული ქალბატონი, მედეა ჯუღელი გარდაიცვალაო. გამახსენდა ორი ათეული წლის წინანდელი ამბავი, როცა იმ დროს, ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ვესტუმრე, 70 წლის იუბილე მივულოცე და კარგა ხანს ვისაუბრეთ. ჟურნალისტებზე ცოტა ნაწყენი  ვარო მოთხრა, მარტო ფეხბურთზე და კალათბურთზე რომ წერთ, ამით სხვა სახეობების პოპულარობას ხელს აკლებთო. საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები არც ტანვარჯიშში აკლია, მაგრამ დღეს ახალგაზრდები ნაკლებად ეტანებიან, გოგონებიც კი ჭიდაობაზე და რაღაც რომ არ გამიგია ისეთ სახეობებზე შედიან, ეს კი, ცოტა თქვენი ბრალიც არისო შემომჩივლა. ვაღიარე, რომ მართალი იყო და ვთხოვე წარსული გაეხსენებინა:


- „უამრავი ტკივილი გადავიტანე, მაგრამ მის შელამაზებას მაინც არ ვისურვებდი... ცხოვრება მხოლოდ ოლიმპიურ კვარლცხბეკზე დგომა არაა, ეს მუდმივი ბრძოლაა თვითდამკვიდრებისა და გადარჩენისთვის, ამ ბრძოლის შედეგი კი დიდწილად შენზეა დამოკიდებული".


ვინც ამ ქალბატონის განვლილ გზას იცნობს, მიხვდება რაც იგულისხმა. საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ უშვებდნენ, რადგან უკვე 14 წლისას ტროცკისტის შვილის იარლიყი მიაწებეს და ყველანაირად ბლოკავდნენ. ისევ თავად იაქტიურა, მაშინდელ უშიშროების სამსახურებს ეახლა, ცხვირწინ დაუყარა უამრავი ოქრო-ვერცხლის მედლები და კატეგორიულად მოსთხოვა ბერლინის მსოფლიო უნივერსიადაზე გაშვება. საოცარია, მაგრამ  ამგვარმა „თავხედობამ" გაჭრა და მალე დეპეშით აცნობეს ბერლინში გასამგზავრებლად მოემზადეთო. იქიდან კი ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. ქალბატონი მედეა პირველი ქართველი ქალი ოლიმპიური ჩემპიონია:


- 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადისთვის მზადებისას, ორი თვე ვიბორგში გავატარეთ შეკრებაზე. 14 ტანმოვარჯიშე ვიყავით, აქედან მხოლოდ ცხრა უნდა წასულიყო ფინეთში.შესარჩევი შეჯიბრისას, მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია. ჩემი მწვრთნელი გრიგოლ მამარდაშვილი ახლოს არ გამაკარეს, მაგრამ მაინც ყველას ვაჯობე და პირველი ადგილი დავიკავე. ასე მოვხვდი ოლიმპიადაზე. იქ, ატენიემში, პატარა სოფელში ვცხოვრობდით. ნაკრები პირველად გამოდიოდა ასეთ დიდ ფორუმზე, გოგოები ისეთი შეშინებული იყვნენ, პირველ ნომრად გამოსვლაზე ყველა უარს ამბობდა. როგორც წესი, პირველად გამოსულებს დაბალ ქულებს უწერენ. მე, ლიდერად მოვიაზრებოდი და ბოლოს უნდა მეასპარეზა, მაგრამ  მთხოვეს, შენ ყველაზე გამბედავი ხარ და იქნებ პირველი გახვიდეო. ეს ყველაფერი გასაგები იყო, მაგრამ ამის გამო გვარიანად ვიზარალე, პირად შეჯიბრში ბევრი ქულა დამაკლდა, თუმცა ჩემზე უკეთ, თუნდაც ბჯენით ხტომებში, არავინ გამოსულა. ოლიმპიურ ოქრო-ვერცხლს მაინც შევწვდი და ამითაც ბედნიერი ვარ".


მებრძოლი და უდრეკი ხასიათი არც აქტიური სპორტიდან წამოსვლის მერე დაუკარგავს, მრავალი წლის მანძილზე საყვარელ სახეობას ემსახურა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტისა და გამორჩეული ოლიმპიელი ქალბატონის რანგში  ბევრი კეთილი და საჭირო საქმე აკეთა: დაუფასდა კიდეც, 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიურ ფორუმზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, ოლიმპიურ მუზეუმში მისი ფოტოები გამოფინეს, ხოლო 2011 წელს სპორტში გაწეული ღვაწლისთვის, დიდი ოქროს ოლიმპიური ორდენით დაჯილდოვდა. თბილისის საპატიო მოქალაქე ქალბატონი მედეა, მრავალი ეროვნული ორდენის კავალერიცაა, თუმცა, თავად, ყველაზე მეტად სხვა რამ ეამაყებოდა:


- დიასახლისობა და სამზარეულოში ფუსფუსი ყოველთვის მიყვარდა.  ოლიმპიურ კომიტეტში თუ კი ვინმე ცნობილი პიროვნება ჩამოდიოდა, ჩემი ნახელავი ყველას გასინჯული აქვს, ერთხელ ბელგიის პრინციც მესტუმრა და ისე გაერთო ქართული სამზარეულოთი, ოფიციალურ მიღებაზე ლამის ძალით წაიყვანეს..."


ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდებულ ქალბატონს პირადად ვიცნობდი და სხვათა შორის, იმ პირველი სტუმრობისას, მისი ნახელავი ხაჭაპურიც დავაგემოვნე.



წყარო: sputnik-georgia.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016