საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქეთი დუმბაძე პანკისის ხეობას ესტუმრებიან.
მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ომალოში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" დახმარებით შექმნილ ელექტროშემდუღებლის კურსის მოსწავლეებსა და კურსის ხელმძღვანელს მოინახულებენ და ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდებიან.
შეხვედრები ახალგაზრდებთან სოფელ დუისში, „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდში" გაგრძელდება. ადგილობრივ მოსახლეობას ასევე მიეცემა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა.
პანკისის სტუმრები სოფელ ჯოყოლოსაც ეწვევიან და თექის დამუშავების სახელოსნოს მოსწავლე გოგონებს შეხვდებიან. სოფლის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, მთავრობის წარმომადგენლებს კითხვა-პასუხის რეჟიმში გაესაუბრონ.
პანკისში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონული განვითარების ცენტრში ქართულის და ინგლისურის მასწავლებლებს მიავლენს. ხოლო, კულტურის სამინისტრო „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ბიბლიოთეკას საჩუქრად თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს გადასცემს.