დიდ პიროვნებებს გადამწყვეტი წამი გამოაჩენს ხოლმე. ასეთი იყო ვიტალი დარასელია, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფში, თასების მფლობელთა თასის ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე თამაში საკუთარ თავზე აიღო, "კარლ ცაისის" ორი მცველი ჩამოიშორა, გადამწყვეტი გოლი ლამაზად გაიტანა და თბილისის "დინამოს" დღემდე ერთადერთი ევროთასი მოაპოვებინა...
ამ ქვეყნიდან ძალიან ახალგაზრდა წავიდა: 1982 წლის 13 დეკემბერს, რიკოთის უღელტეხილზე ავტოკატასტროფისას დაიღუპა და მხოლოდ 13 დღის (13 მის ცხოვრებაში საკრალური ციფრია) შემდეგ, 26 დეკემბერს მდინარეში იპოვეს მისი ცხედარი.
სულ 25 წელი იცხოვრა, მაგრამ ამ აფხაზმა ბიჭმა იმდენი შეძლო, რომ მთელ ქვეყანას თავი უზომოდ შეაყვარა და ქართული ფეხბურთისა და საერთოდ, საქართველოს ისტორიაში დაუვიწყარი გამარჯვების ფურცელი ჩაწერა, რაც დღეს ზღაპრის ტოლფასი გვგონია.
დავით ყიფიანის თქმით, დარასელიამ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს ოჩამჩირის სტადიონი და თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემია. მის შვილს, ვიტალი დარასელია-უმცროსს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ქალიშვილი, ქრისტინა დარასელია კი, ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.
საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს საშუალება, დიუსელდორფის გამარჯვების ბევრ მონაწილეს უშუალოდ ველაპარაკოთ და მათი ისტორიები ჩავიწეროთ. ახლა ისინი ვიტალი დარასელიას გაიხსენებენ. მათთან ერთად, უცნობ ისტორიას იხსენებს ვიტალის ქალიშვილი ქრისტინაც...
როგორ დაიკუნთა სუსტი ბიჭი...
ოთარ გაბელია: - თბილისის "დინამოში" დავმეგობრდით. თავიდან ბაზაზე ვცხოვრობდი, ვიტალის კი ბაზის წინ სახლი ჰქონდა. როცა თამაში ან შეკრება არ გვქონდა, საღამოობით მასთან ხშირად მივდიოდი. სტუმართმოყვარე კაცი იყო და გვერდში მდგომი, ფული თუ ჰქონდა, გაჭირვებულს ყოველთვის დაეხმარებოდა. მართალი თუ იყო, უკან ყველაზე გავლენიანი ადამიანის წინაშეც არ დაიხევდა.
ბევრჯერ მიფიქრია, ამ 25 წლისამ რამხელა სიყვარული მოიპოვა-მეთქი.
პირველად, სოხუმის "დინამოში" თამაშის დროს, 1972 წელს ვნახე. ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა იური გრამატიკოპულომ ჩამოიყვანა და ამხანაგურ შეხვედრაში 20 წუთი ათამაშა.
მაგრამ ამ 15 წლის ოჩამჩირელმა ბიჭმა ისეთი აგრესიული და ტექნიკური ფეხბურთი აჩვენა, ყველა გაოცებული დაგვტოვა. მაგრამ, მერე და მერე, იმ დღეს რომ ვიხსენებ, კიდევ უფრო მიკვირს, რამხელა პროგრესს მიაღწია: იცით, სოხუმში მოედანზე გამოსული ვიტალი რა სუსტი იყო?!
მერე კი ძალიან ბევრი იშრომა, ზღვისპირეთში, ქვიშაზე ბევრს დარბოდა, ვარჯიშობდა და ბოლოს ისეთი კუნთები ჰქონდა, შვარცენეგერსაც შეშურდებოდა. შრომისმოყვარეობით და ფიზიკურად მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამიტომაც ვამბობ, რომ მისი ცხოვრება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მაგალითია...
ცხვირი არასოდეს აუწევია...
ვლადიმერ გუცაევი: - წარმოუდგენელი იყო, ეღალატა, მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა.
პირდაპირი, ალალი და სამართლიანი ბიჭი გახლდათ.
"დინამოში" რამდენი წელი ითამაშა და არ მახსენდება მასზე ნაწყენი მწვრთნელი, ფეხბურთელი თუ ბაზის უბრალო თანამშრომელი. ვიტალის არასწორ და უწესო საქციელს ვერავინ გაიხსენებს.
თავიდან ისიც თავდამსხმელი იყო, მარჯვენა ფლანგზეც თამაშობდა. ახალკაცის ნიჭი სწორედ ის იყო, რომ ყველას თავის პოზიცია მოუძებნა. ვიტალი ჩემსავით სწრაფი არ ყოფილა, მაგრამ ნახევარდაცვაში უდიდესი პლუსები გამოაჩინა, საოცრად ბევრ სამუშაოს ასრულებდა, ჰქონდა ამ პოზიციისთვის საჭირო სისწრაფე, საუკეთესო ტექნიკა და გამძლეობა.
საერთოდ, კაცი რაც უფრო ნიჭიერია, საკუთარ თავს მეტსაც სთხოვს. ვიტალი კი ყოველდღე ცდილობდა, გუშინდელზე უკეთ ეთამაშა. 13 მაისის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.
ვარჯიშის შემდეგ ყველა ვრჩებოდით და ვცდილობდით, დამატებითი ვარჯიშებით ნაკლი გამოგვესწორებინა. ზოგი ტექნიკაში მოიკოჭლებდა, ზოგი - ბურთის ართმევაში, ზოგსაც - დარტყმა ჰქონდა გასაუმჯობესებელი.
ვიტალის არასოდეს დაზარებია, ნახევარი საათი მაინც ივარჯიშებდა და ბოლოს რა დონის ფეხბურთელიც გახდა, ყველას მოეხსენება. მაგრამ ყველაზე მეტად იმით მაოცებდა, რომ ცხვირი ერთი წამით არ აუწევია. ამ ყველაფრის გამოა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი რომ იყო და უდიდესი კვალი რომ დატოვა. ბედნიერი კაცი ვიქნები, მსგავსი ფეხბურთელი 21-ე საუკუნეშიც რომ გამოჩნდეს...
როგორ სცემა მოსკოველებს...
ნოდარ ხიზანიშვილი: - დიღმის ბაზაზე მისი გაცნობისთანავე მივხვდი, რომ ჩამოყალიბებული პიროვნება იყო. სეზონის წინ, ლესელიძეში ვემზადებოდით და სამჯერადი, ძალიან დამღლელი ვარჯიშები გვქონდა. მაგრამ იმდენად დიდი იყო ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის სურვილი, ამ ვარჯიშების შემდეგ გვერდით სტადიონზე გადავიპარებოდით და ვთამაშობდით.
გართობა ყველას უყვარს, მაგრამ ფეხბურთის გამო ყველაფერს განზე გადადებდა. ვფიქრობ, ეს დღევანდელი ახალგაზრდობისთვის მაგალითად გამოდგება - როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ვარსკვლავი. ბევრს ხუმრობდა, ხასიათზე მოგიყვანდა კაცს. წარმოუდგენელი იყო, უკან დაეხია. მოსიყვარულე გული ჰქონდა, მაგრამ თუ ვინმე გაამწარებდა, მტრისას, ისეთი ჩხუბი იცოდა.
ერთი რომ ყოფილიყო, ათ კაცს არ შეეპუებოდა. ასეთი კაცი მოედანზეც საჭიროა. შეცდომას რომ დაუშვებდი, გამოგისწორებდა და შენს საქმეს დაუზარებლად და დაუმადლებლად გააკეთებდა. ვისაც ფეხბურთი ესმის, კარგად მიხვდება, ეს რაოდენ დადებითი თვისებაა.
ერთხელ, მოსკოვში, იქაურ "დინამოსთან" ვიტალიმ მაგრად ითამაშა და ამის შემდეგ ნაკრების შეკრებაზე დავრჩით. მოსკოვში ვსეირნობდით მე, ვიტალი და ხორენ ოგანესიანი. ამ დროს, დაახლოებით 10-კაციანი ჯგუფი მოგვიახლოვდა. აშკარად გვიცნეს, ჩემსკენ და ვიტალისკენ წამოვიდნენ. მერე მას სხვებიც მოჰყვნენ და ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდნენ.
როგორც მერე გავიგეთ, მოსკოვის "დინამოს" გულშემატკივრები იყვნენ და ვიტალის კარგი თამაშით გამწარებულებმა ჩვენი ცემა მოინდომეს. მოხვედრით როგორ არ მოგვხვდა, მაგრამ ჩვენც არაფერი დაგვიკლია. ვიტალიმ განსაკუთრებით ივაჟკაცა. ისეთი ურტყა, ფილმებში რომ გინახავთ...
დინამო მისმა დაღუპვამ დააქცია...
თენგიზ სულაქველიძე: - ვიტალი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში გავიცანი. სასაცილო ისტორია მაშინ შეგვემთხვა: გამიხარდა, ნაკრებში ჩვენებური ბიჭი რომ მოხვდა, თან აფხაზეთიდან რომ იყო.
მე რუსული არ ვიცოდი და ვიფიქრე, დამეხმარება-მეთქი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მან ქართული ისე იცოდა, როგორც მე - რუსული. თუმცა ქართული მალე ისწავლა.
წარმოიდგინე, რა ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო, როცა 17 წლის ბიჭმა "დინამოს" ძირითადში მოიპოვა ადგილი. ფიზიკურად ძლიერს ტექნიკაც სასწაული ჰქონდა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა: ბურთი თუ ვერ აართვი, ვერც გაიტან. მან კი კარგი ართმევაც იცოდა და მაგარი დარტყმაც ჰქონდა - თან, ორივე ფეხს თანაბრად ხმარობდა. მისთვის ბურთის წართმევა კი ძალიან ძნელი იყო.
რაც მან დიუსელდორფში გააკეთა, ამას მხოლოდ დიდი ფეხბურთელი შეძლებდა. ერს ამხელა სიხარული მოუტანა და ამის მიუხედავად, ბავშვივით თავმდაბალი და შრომისმოყვარე იყო.
ბედნიერები ვიყავით, 1982 წელს მე, ვიტალი, საშა და რამაზი საბჭოთა კავშირის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ წაგვიყვანეს და თან ყველანი ძირითადში ვთამაშობდით.
თურმე, რა ბედნიერები ვიყავით, მაშინ აფხაზი, ქართველი და ოსი ერთმანეთს არ ვარჩევდით, ერთმანეთი ძმებივით გვიყვარდა... ვიტალი მარტო ოჯახს კი არ დააკლდა, შემდეგ "დინამოს" საქმეებიც აირია და მიმაჩნია, რომ ეს ლეგენდარული გუნდი ვიტალის უდროოდ წასვლამ დააქცია...
ოჩამჩირეში დაკრძალვა უხუცესებმა მოითხოვეს
ვახტანგ ქორიძე: - ოჩამჩირეში იყო გაზრდილი, ქართული კარგად არ იცოდა და ერთხელ მთხოვა - "ტუხა", რუსულად აღარ დამელაპარაკო, ქართულს ასე უფრო ვისწავლიო. ცოტა ხანში კი ისე კარგად აითვისა, ინტერვიუს უპრობლემოდ იძლეოდა... ვაჟკაცი ბიჭი იყო და პასუხის გაცემაც იცოდა.
კიევში "დინამოს" ვხვდებოდით. უკრაინელებს მაღალი და ფიზიკურად ძლიერი მცველი, ალექსანდრ ბოიკო ჰყავდათ, რომელმაც რეზო ჩელებაძეს ფეხი ისე ჩასცხო, კინაღამ მოკლა. ვიტალი გამწარდა და თამაში რომ დამთავრდა, გასახდელისკენ მიმავალს მითხრა - ეს უნდა ვცემოთო და მივარდა. აბა, მე განზე ხომ არ დავდგებოდი? იქ ამბავი ატყდა, დედა შვილს არ აიყვანდა ხელში და ბოიკო ისე ვცემეთ, მერე სულ ბატონობით გველაპარაკებოდა.
1975 წლის იანვარში, მიხეილ იაკუშინმა თბილისის "დინამოში" ერთად მიგვიწვია. ისე მოხდა, რომ დიღმის ბაზაზე ერთ ოთახში შეგვასახლეს და მიუხედავად იმისა, რომ ვიტალიზე 8 წლით უფროსი ვიყავი, დავმეგობრდით. ორივე თბილისში ჩამოსულები ვიყავით და ორივეს თავის დამკვიდრება გვსურდა. მოვახერხეთ კიდეც.
5 წელი ერთ ოთახში ვიყავით შეკრებებსა და ბაზაზე და 1980 წელს, კახი ასათიანმა ბინაც ანტონოვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ კორპუსში მოგვცა. სამწუხაროდ, 2 წელიწადში დაიღუპა და იმ ბინით გახარება ვერ მოასწრო. ამოჩემებული ჰქონდა 13 ნომერი. სულ ვეუბნებოდი - შეეშვი ამ 13-ს, რამე ნორმალური აიღე-მეთქი, მაგრამ... იმ დღესაც 13 რიცხვი იყო. ძმამ ციხიდან დაურეკა და ვიტალი დასახმარებლად გავარდა. სულ ერთი თვის გამოყვანილი წითელი "06-ით" ჩვენს საერთო მეგობართან ერთად გაემგზავრა, რომელიც კარგი მძღოლი იყო. მაგრამ ეტყობა, გზაში შეენაცვლა, საჭეს თავად მიუჯდა და მერე კი იცით, რაც მოხდა...
სხვათა შორის, ორგანიზმში გრამი წყალი ვერ უნახეს. თურმე, მანქანიდან რომ გადავარდა, შიშისგან ყელი გადაეკეტა და გული მდინარეში ჩავარდნამდე გაუსკდა...
ედუარდ შევარდნაძეს ფეხბურთი უყვარდა და კარგად აცნობიერებდა, ქართულ ფეხბურთსა და საერთოდ, საქართველოს ისტორიაში ვიტალის რა წვლილიც ჰქონდა შეტანილი. ამიტომ, დიდუბის პანთეონში სურდა მისი დაკრძალვა. მაგრამ აფხაზეთიდან სოლიდური თანამდებობის ხალხი ჩამოვიდა - რაიკომის მდივნები, უხუცესები... დაკრძალვის დღეს ერთი ამბავი ატყდა - ოჩამჩირეში უნდა გადავასვენოთო, უხუცესებმა მოითხოვეს. მდგომარეობა რომ არ გართულებულიყო, ჩვენი მხარე ოჩამჩირეში გადასვენებას დათანხმდა.
სულ მინდა, რომ მის საფლავზე ჩავიდეთ, პატივი მივაგოთ და ჭიქა წავუქციოთ, მაგრამ ომის შემდეგ ეს ვერ მოხერხდა. ისე, არა მგონია, აფხაზებმა არ შეგვიშვან. ვიტალი აფხაზობდა, მაგრამ "დინამოში" ხელისგულზე ვატარებდით და ძმასავით გვიყვარდა...
მონათვლა ილორში სურდა...
ქრისტინა დარასელია, ვიტალი დარასელიას შვილი: - სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ციფრი 13 რატომ უყვარდა. არადა, დედასთან ქორწილი 13 ნოემბერს გადაიხადა, "დინამოში" თავიდან 13 ნომრით თამაშობდა, საბჭოთა ნაკრებშიც 13-ნომრიანი მაისურა მისცეს და 13 მაისს საქართველოს რა სიხარულიც მიანიჭა, ყველამ იცით. თურმე, სულ ამბობდა, ჩემთვის ბედნიერი ციფრიაო...
სამწუხაროდ, მონათლული არ იყო. მაგრამ ვიცი, რომ კომუნისტების დროსაც კი ეკლესიაში სისტემატურად დადიოდა და სანთელს ანთებდა. დიუსელდორფის ფინალის შემდეგაც პირჯვარი გამოისახა, რაც მაშინ საკმაოდ სარისკო იყო. მონათვლა აფხაზეთში, ილორის ეკლესიაში უნდოდა, მაგრამ დრო ვერაფრით გამონახა.
ორჯერ მღვდელთან შეთანხმებულიც ყოფილა, მაგრამ ეტყობა, სეზონი იყო და ახალკაცმა ვერ გაუშვა. მაგრამ გარდაცვალების შემდეგ მონათლეს. სიონში ილია II იმყოფებოდა და ნება დართო, მიცვალებული მოენათლათ - ასეთი რამ ქრისტიანობის ადრეულ წლებშიც მომხდარა. წესი მხოლოდ ამის შემდეგ აუგეს. აფხაზეთში წასვლა და საფლავის მონახულება ბევრჯერ მსურდა, ვიცი, ჩასვლის პრობლემაც არაა. მაგრამ სულ რაღაც მაჩერებდა. ჩემი ძმა, ვიტალი კი რამდენჯერმე იყო...
წყარო: sportall.ge
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"