საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის პროცესის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება სამშენებლო-სარემონტო ბაზის რეორგანიზაციის შესახებ მიმიდინარე რეფორმის პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად საქართველოს შეირაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას ისახავს - ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის არსებული ფინანსური რესურსების მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება, ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯები და ფინანსური პოლიტიკის ოპტიმიზაცია.
ფაქტები არის ძალიან მარტივი და ნათელი, რომლებიც თავად განმარტავენ ჩვენს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილების ობიექტურობას.
პირველი, თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების 90 პროცენტი მრავალი წელია ტენდერების შედეგად შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება.
მეორე, ტენდერში გამარჯვებული სამოქალაქო სამშენებლო კომპანიები სამხედრო ბაზებს, საცავებს, საიდუმლო ობიექტებს, სასადილოებს და სხვა ინფრასტუქტურულ ნაგებობებს აშენებენ.
მესამე, სტრუქტურული ერთეული, რომელმაც დღეს აქცია გამართა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძირითადად, თბილისში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობით იყო დაკავებული.
მეოთხე, სამუშაო ადგილების გაუქმებაზე საუბარი უადგილოა, რამდენადაც სამუშაოები შესასრულებელია და ღია, გამჭვირვალე ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები, გაზრდილი სამუშაოს შესაბამისად გააგრძელებს პროფესიონალების დასაქმებას.
ასევე, მათი მოქმედების არეალი საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში, ანალოგირიური ტიპის საცხოვრებელი კორპუსების შეკეთება იყო. სწორედ აღნიშნული მიმართულება წარმოადგენდა მათი საქმიანობის 90 პროცენტს.
შესაბამისად, სპეკულაცია იმაზე, რომ საიდუმლო ობიექტებს აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის გარდა სხვა ვერ შეასრულებს, უბრალოდ სიცრუეა.
კიდევ ერთელ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს რომ უკვე მრავალი წელია ძირითადი, საიდუმლო და არა-საიდუმლო სამშენებლო სამუშაოები ტენდერებით შერჩეული კომპანიების მიერ ხორციელდება.
გარდა ამისა, აღნიშნული ბაზის მხოლოდ სახელფასო ფონდი, ყოველწლიურად, 7 მილიონ ლარს აღემატება, რაც თავისთავად სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების არასწორი, არაეფექტური და არამიზნობრივი გამოყენების კლასიკური მაგალითია.
თუკი თავდაცვის სამინისტროს უნდა ჰქონდეს საკუთარი სამშენებლო ბაზა მაშინ გაუგებარია, რატომ არ შეიძლება ასეთივე სამშენებელო ბაზა ჰქონდეს მაგალითად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც გაცილებით მეტი ადამიანის საბინაო პრობლემებს ყოველდღიურად აკმაყოფილებს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებს. ცალსახად და ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს არ არის სახელმწიფოს საქმე.
მსგავსი მიდგომა საფუძველს უთხრის კერძო ბიზნესის განვითარების პროცესს, კლავს კონკურენტუნარიან გარემოს და ხელს უწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვის მსურველთა გაჩენას. აქვე, აუცილებელად უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო მიზნებისათვის საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში არსებობს საინჟინრო ბრიგადა, რომელიც პერიოდულად გადის სამხედრო წვრთნებსა და შესაბამის სწავლებებს, რათა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენარჩუნება უზრუნველყოს.
ზემოაღნიშნული ბაზის ტექნიკური საშუალებები და პროფესიონალების ერთი ნაწილი სწორედ საინჟინრო ბრიგადის დაქვემდებარებაში გადავა და ამ ბრიგადას კიდევ უფრო გააძლიერებს.
ცალსახად ვაცხადებთ, რომ არცერთი პროექტი, რომელშიც აღნიშული ბაზა იყო ჩართული არ გაჩერდება და 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ფართს, დაპირებისამებრ, 2016 წლის განმავლობაში, კიდევ უფრო დაჩქარებულ ვადებში მიიღებს.
სამშენებლო-სარემონტო ბაზის თანაშრომლებს, ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ეცნობათ, რომ მათი კონტრაქტები ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გაგრძელდებოდა. შესაბამისად, განცხადებები ინფორმაციის მოულოდნელობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
კიდევ ერთხელ, ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგზე ან შეხვედრაზე, ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და კვლავ მზად ვართ დამატებითი განმარტებებისათვის და ამ ადამიანებთან სასაუბროდ. ეს, დღეს, აქციის მონაწილეების განცხადებებმაც დაადასტურა, მაგრამ თავდაცვის სამინისტრო არ აპირებს პოლიტიკურ პარტიებთან უსაგნო პოლიტიკურ დებატში შესვლას. ისინი, უბრალოდ, ზუსტად უნდა ჩამოყალიბდნენ - საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ თუ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა", - ნაქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.