ჩინეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, უკრაინის პრემიერ-მინისტრები და მოლდოვას პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავენ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კოლეგების მისალოცი წერილები მიიღო. პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედს გამოთქვამენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი ხაზს უსვამს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობას და გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილს წარმატებულ საქმიანობას უსურვებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას უდასტურებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო.
საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და რეფორმების განხორციელების პროცესში მხარს უჭერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი. ბოჰუსლავ სობოტკა იმედოვნებს, რომ ქართველ კოლეგას, უახლოეს მომავალში, პრაღაში უმასპინძლებს.
„ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ მეგობრული ურთიერთობები და ინტენსიური თანამშრომლობა როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში. გარწმუნებთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე და საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელების პროცესში", - ნათქვამია ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თანამდებობაზე დანიშვნას, უკრაინის მთავრობის სახელით ულოცავს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი.
გიორგი კვირიკაშვილმა მილოცვა ასევე მიიღო მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან. გეორგე ბრეგა დარწმუნებულია, რომ გიორგი კვირიკაშვილის ხელძღვანელობით, საქართველოს მთავრობა მიაღწევს შემდეგომ წარმატებებს სხვადასხვა სფეროში გატარებული რეფორმების გზაზე, რომელთა მიზანიცაა ქართული საზოგადოების მოდერნიზაცია, საქართველოს ევროპული პერსპექტივების გაფართოება და ქვეყნის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.