„ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ სასტუმრო „თბილისი მარიოტში", სადაც ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფს უახლოეს დღეებში შეხვდება.
„ერთი კვირის წინ არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის სახელით წერილი გაეგზავნა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს. გვინდა მასთან შეხვედრა და საუბარი საარჩევნო გარემოს საკითხებზე და უკვე გვაქვს პასუხი, რომ უახლოეს დღეებში ეს შეხვედრა შედგება. მე მქონდა კომუნიკაცია და ეს შეხვედრა აუცილებლად გაიმართება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვინდა პრემიერთან შეხვედრა, ის გახლავთ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი, არჩევნების ნორმალურად ჩატარებაზე და ა.შ ხელისუფლების სახელით ერთ-ერთი პასუხიმგებელი პირი. სწორედ ამიტომ ჩვენი სასაუბრო თემა, ძირითადად, შეეხება საარჩევნო გარემოს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ჭრილში გავაცნობთ მას ჩვენ შეხედულებებს, მოვისმენთ მის აზრს. იმედია, ის იქნება გამონაკლისი ხელისუფლებაში და ადეკვატურობის გამომხატველი პიროვნება. ვფიქრობ, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაისიგრძეგანებს ჩვენ შეხედულებას და გონიერება გაიმარჯვებს, რათა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ დაემუქროს პოლიტიკური ლეგიტიმაციის პრობლემა", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.