„კოალიციის სიაში იქნება თუ კოალიციის მიღმა, გადამწყვეტი სიტყვის მქონე პიროვნება ის არის", - განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შესახებ აკეთებს. როგორც მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის უცნობია, იქნება თუ არა ივანიშვილი საარჩევნო სიაში.
"ამ დროისთვის ვერაფერს ვიტყვი, იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პარტიულ სიაში, თუმცა ამას მივესალმები. კოალიციის მიღმა იქნება თუ სიაში, გადამწყვეტი სიტყვის მქონე პიროვნება ის არის და ძირითადად ის განსაზღვრავს ამ პოლიტიკური ძალის შედეგს არჩევნებში. აქედან გამომდინარე, მივესალმები თუ ეს ღიად მოხდება და თვითონვე ჩაუდგება სიას სათავეში. ეს ჩვენთვისაც უფრო გააიოლებს ამ არჩევნების ჩატარებას. დღემდე, ჩემთვის არსებული ინფორმაციით, ის უარს ამბობს რაიმე პოსტის დაკავებაზე სახელისუფლებო სტრუქტურებში", - განაცხადა მეჭიაურმა.