საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ „სოკარის" წარმომადგენელთან ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსებასთან დაკავშირებულ საკითხზე იქნება საუბარი.
მისივე თქმით, ამ დღეებში დიდი დოზით გავრცელდა დეზინფორმაცია, ხშირ შემთხვევაში გამიზნული და ხშირ შემთხვევაში არა გამიზნული.
„საქმე იმაშია, რომ საქართველო თავისი სტრატეგიული პარტნიორისგან აზერბაიჯანისგან „სოკარის" მეშვეობით, გაზის გარკვეულ რაოდენობას იღებს, რომელიც მოთხოვნილების დიდ ნაწილს აკმაყოფილებს. 2003 წლიდან დეფიციტის გარკვეული რაოდენობის შევსებას ახდენს „გაზპრომის" მეშვეობით. „გაზპრომს" აქვს ინტერესები, რომ სომხეთს მიაწოდოს ბუნებრივი აირი და რასაკვირველია, დამოკიდებულია იმ გატარებაზე, რომელსაც საქართველო უზრუნველყოფს. ასე რომ, ურთიერთდამოკიდებულება არსებობს.
გარდა ამისა, არსებობს დეფიციტის შევსების აუცილებლობა, რაც 2003 წლიდან მოყოლებული ხორციელდება. საუბარია სხვადასხვა მოცულობაზე, დაწყებული 40 მილიონი კუბამეტრიდან, დამთავრებული 130-150 მილიონ კუბამეტრამდე, რასაც უზრუნველყოფს „გაზპრომი".
ხვალ „სოკარის" წარმომადგენელი ჩამოვა, ექნებათ დეტალებზე საუბარი, ძირითადად, ფასზე და ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ საიდან, რა წყაროთი შეავსონ დეფიციტი", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.