დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი სოლომონიას შემცვლელს უახლოეს დღეებში დაასახელებს.
თბილისის მერის განცხადებით, სოლომონიას შემცვლელთან დაკავშირებით კონსულტაციები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს და ამ დღეებში დასრულდება, რის შემდეგაც საზოგადოებას გადაწყვეტილებას გააცნობს.
თბილისის მერმა უარყო ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სოლომონიას გათავისუფლება მიუსაფართა პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხს უკავშირდება.
„გიორგი სოლომონია გადავიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე. ის დაუბრუნდა იმ სამსახურს, რასაც წლების განმავლობაში ეწეოდა. ეს არის მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც კონსულტაციები ჩვენს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დაკმაყოფილდა მისი გადაწყვეტილება.
მიუსაფართა თავშესაფრის პროექტთან დაკავშირებით მას ჰქონდა შეხება იმ ნაწილში, რომ ააშენა მიუსაფართა ახალი თავშესაფარი და ხელში ჩაგვაბარა დეკემბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო გეგმა-გრაფიკით. ასე რომ, მას თავშესაფართან დაკავშირებით საქმე პირნათლად აქვს შესრულებული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.