ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „გაზპრომს" სომხეთისთვის მიწოდებული გაზის სანაცვლოდ, საქართველოსთვის ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დავთანხმდეთ.
კითხვაზე - იმ შემთხვევაში თუ უარს ვიტყვით „გაზპრომის" შემოთავაზებაზე, ტრანზიტის საფასურად მოგვცეს არა ბუნებრივი აირი, როგორც აქამდე იყო, არამედ ფული, ხომ არ დაიწყებს რუსეთი სომხეთისთვის გაზის მიწოდებას ირანიდან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მოთხოვნა, რასაც რუსეთი აჟღერებს, არის საერთაშორისო პრაქტიკა.
მისი თქმით, დღეს არც ერთი ქვეყანა საფასურად ბუნებრივ აირს არ იღებს.
კითხვაზე - დღეს ახლის გაფორმებამდე, ფაქტობრივად, არ არის ხელშეკრულება „გაზპრომთან" და როგორი ურთიერთობა გვაქვს ხელშეკრულების გარეშე, კალაძემ განაცხადა, რომ დღეს ბუნებრივი აირი, ფაქტობრივად, არასანქცირებულად მოგვაქვს, რაც არასწორია. მისი თქმით, ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად მის წინააღმდეგ.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" და მასთან დაახლოებული ე.წ. ექსპერტების მოსაზრება, ზუსტად ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, ეს არის კარგად დაგეგმილი შავი კამპანია სამინისტროსა და პირადად ჩემს წინააღმდეგ, თუმცა ეს არ არის პრობლემა, რადგან ეს ყველაფერი, რასაც ენერგეტიკის სამინისტრო და ამ შემთხვევაში დარგის ხელმძღვანელი - მე ვაკეთებთ, გამოწვეულია არსებული რეალობიდან გამომდინარე, რომ მე ვარ დღეს პასუხისმგებელი, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს და ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე - რატომ დადის მოლაპარეკებებზე ენერგეტიკის მინისტრი და არა უფრო დაბალი რგოლი, კალაძის თქმით, ფაქტობრივად, ახალი პირობების ჩამოყალიბება ხდება.
„თუ რატომ ენერგეტიკის მინისტრის დონეზე და რატომ არ ხდებოდა ეს კორპორაციის ხელმძღვანელობის დონეზე, ფაქტობრივად, ხდება ახალი პირობების ჩამოყალიბება. ეს არის ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშირებით და აქ გადაწვეტილებები იყო მისაღები", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, „გაზპრომთან" ტრანზიტის სანაცლოდ ფულზე უნდა დავთანხმდეთ. მისივე თქმით, მოლაპარაკების დასრულებამდე რაღაც გარკვეული დეტალები კიდევ გაირკვევა, რადგან შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული.
„თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება გაცილებთ კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ ერთწლიან კონტარაქტზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მილიონამდე", - განაცხადა კახა კალაძემ.