ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში არის დისბალანსი, რისი შევსებისთვისაც საჭიროა, დამატებითი ბუნებრივი აირის შემოტანა ქვეყანაში. კალაძის თქმით, საუბარი მიმდინარეობს საქართველოში გაზსაცავის გაკეთებაზე:
„დაწყებული გვაქვს მუშაობა, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი, რადგან გვაქვს სერიოზული დისბალანსი. ზამთარში მეტია მოხმარება, ზაფხულში - ნაკლები. ეს დისბალანსი რომ შეივსოს, დამატებითი მოცულობების შემოტანა უნდა მოვახერხოთ", - განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში იმ რესურსების ათვისება უნდა მოხდეს, რომელიც გააჩნია.
„ჩემი მინისტრობის პირველივე დღიდან მეც და ჩემი გუნდიც ვსაუბრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოვახერხოთ იმ რესუსრების ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამიტომ არის, რომ ამდენი ჰიდროელეტროსადგურის მშენებლობა არის დაწყებული, დაახლოებით, 400 მეგავატი ამ სამი წლის განმავლობაში უკვე შემოვიდა ექსპლუატაციაში. მომავალ წელს, კიდევ დამატებით 500 მეგავატი ჰიდროელექტროსადგურები შემოვა და ყველა ის პროექტი, რომელიც სამომავლოდ არის დაგეგმილი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტები განხორციელდეს.
ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ „შაჰდენიზის" მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია, 2019 წელში უნდა დასრულდეს, საიდანაც დამატებითი მოცულობის მიღების საშუალება გვექნება. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო არის პრიორიტეტულ მდგომარეობაში", - განაცხადა კალაძემ.