ბარაქ ობამა პრეზიდენტის რანგში კონგრესის წინაშე ყოველწლიური მიმართვით ბოლოჯერ წარსდგა. სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ში არსებულ ვითარებაზე, უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთზე ისაუბრა.
„მსოფლიო აშშ-ს ხედავს ლიდერად და არა რუსეთს ან ჩინეთს. აშშ-ს მსოფლიოში ყველაზე მდგრადი ეკონომიკა აქვს და სამხედრო თვალსაზრისით, ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. საუბრები ამერიკის ეკონომიკურ ვარდნაზე პოლიტიკური პროპაგანდაა. შეერთებული შტატები დედამიწის ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოა. ჩვენს სამხედროებზე უფრო მეტს ვხარჯავთ, ვიდრე ჩვენს მერე 8 ქვეყანა ერთად აღებული. ჩვენი ჯარები მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი ჯარებია. ვერც ერთი ქვეყანა ვერ ბედავს, თავს დაესხას აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს, რადგან იციან, რომ ეს იქნება გზა განადგურებისკენ.
კვლევები აჩვენებს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის პოზიციები მსოფლიოში კიდევ უფრო გაძლიერდა. როდესაც საქმე სერიოზულ საერთაშორისო პრობლემებს ეხება, ადამიანები მთელ მსოფლიოში პეკინს ან მოსკოვს არ უყურებენ - ისინი ჩვენ გვეძახიან", - განაცხადა ობამამ.
მისი თქმით, მსოფლიო დღეს საფრთხეების წინაშეა. ერთ-ერთ საფრთხედ მან „არშემდგარი სახელმწიფოები" დაასახელა.
„ეკონომიკის ვარდნის მიუხედავად, რუსეთი უკრაინისა და სირიის შესანარჩუნებლად რესურსებს იყენებს, თუმცა ეს სახელმწიფოები მისი ორბიტიდან გადიან", - აღნიშნა ობამამ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ხელისუფლების პრიორიტეტულ ამოცანად ამერიკელი ხალხის დაცვა და ტერორისტული დაჯგუფების განადგურება დაასახელა. მისი თქმით, „ალ-ქაიდა" და „ისლამური სახელმწიფოს" ლიკვიდირებაა საჭირო.
„თუ ამ მოწვევის კონგრესს ტერორიზმთან ომის მოგება მართლა სურს და უნდა მთელ მსოფლიოში მყოფ ჩვენს ჯარებს სიგნალი გაუგზავნოს, მაშინ „ისლამური სახელმწიფოს" წინაარმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენების ნებართვა უნდა გასცეთ.
XXI საუკუნეში აშშ-ის, როგორც ლიდერი სახელმწიფოს ფუნქცია მსოფლიოს გაერთიანებაში მდგომარეობს, პრობლემების მოგვარების მიზნით.
ამ თვალსაზრისით ჩვენი დახმარება სხვა ქვეყნებისთვის არა ქველმოქმედება, არამედ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. როდესაც ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი დემოკრატია, ან კოლუმბიას, რათა შეწყვიტოს მრავალწლიანი ომი, ეს აძლიერებს საერთაშორისო წესრიგს, რომელზეც ჩვენ ვართ დამოკიდებული", - განაცხადა ბარაკ ობამამ.