reportiori.ge - „განჩინება საბოლოოა! ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:55
პრეს-დაიჯესტი
„განჩინება საბოლოოა! ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს!“
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 13:11


„სტრასბურგში არსებული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა სანდრო გირგვლიანის საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო.


ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო ხარვეზები როგორც შსს-ს მიერ, ასევე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილება ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით; ასევე ხარვეზები სასამართლოს მიმდინარეობისას და პრეზიდენტ სააკაშვილის "არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა" მსჯავრდებულთა მიმართ, როდესაც 2008 წელს მან შეიწყალა ისინი და სასჯელი გაუნახევრა. 2009 წელს ოთხივე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს."


 

სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

26 აპრილი. 2011 წელი.


სტრასბურგის სასამართლოს განაჩენში მოხსენიებულ პირებს შორის, „რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი არ დამდგარიყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აბსოლუტური უმრავლესობის (ნინო გვენეტაძის გარდა) მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩეული ლევან მურუსიძეც ფიგურირებს.


ლევან მურუსიძე ის მოსამართლეა, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.


„ლევან მურუსიძე სისტემის მსხვერპლი იყო" - ასეთი შეფასება მისცა მურუსიძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტის მიერ ირინა ენუქიძის თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვების ფაქტს კი სპექტაკლი უწოდა.


ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძის საზოგადოებრივი რისხვისგან დაცვას შეეცადა.


ლევან მურუსიძემ გზა კანცელარისკენ ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას გაჭრა...


"ეს ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც არის დემოკრატიული გზით არჩეული, იკისრებს პასუხისმგებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მას სურს, რომ მოსამართლეს ჰქონდეს ნდობა და პრესტიჟი, სასამართლო კი იყოს დამოუკიდებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები ვერ გაბედავენ სასამართლოს მუშაობაში ჩარევას, ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. თუმცა აუცილებელია თითოეული მოსამართლე გათავისუფლდეს წინა ხელისუფლების ვალდებულებისაგანაც. ეს ადამიანი არის ამის გარანტი", - ასეთ გარანტად საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის საბჭოს ახლადარჩეული მდივანი ლევან მურუსიძე მოიხსენია, როდესაც მას ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურთან ერთად შეხვდა.


ეს ამბავი "ქართული ოცნების" გამარჯვების ერთი წლისთავზე, 2013 წლის 1 ოქტომბერს მოხდა...


ქართული ოცნების გამარჯვების სამი წლისთავზე კი ლევან მურუსიძეს ასევე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.


რა ინფორმაციით იხელმძღვანელეს საქართველოს პრემიერებმა, როდესაც დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტად გამოაცხადეს ადამიანი, რომლის თვალწინ გაირა 9 წლიანმა მართულმა სასამართლომ და ერთხელაც არ გამოუთქვამს პროტესტი არაფერზე? ვინ აცნობს პრემიერებს ამ ადამიანების განვლილ გზას?!


სასამართლო სისტემაზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანმაც კი იცის, რომ მოსამართლეების მთავარი "ბეგრაუნდი" მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებია, რომელსაც სისტემისადმი მონური მორჩილება არ ამართლებს.


როგორი იყო მურუსიძის წარსული საქმეები, რომელიც მის სამოსამართლო საქმიანობაში ჩაიწერა და რომელიც მათ საქართველოს სახელით გამოიტანეს?


ამის შესახებ, როგორც ჩანს, ჯერ პრემიერ ივანიშვილისთვის, შემდეგ კი პრემიერ ღარიბაშვილისთვის ინფორმაციის მიწოდება თავიანთ მრჩევლებს, საჭიროდ არ ჩაუთვლიათ.


არის სხვა ვერსიაც: ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელის და ზურაბ ადეიშვილის გუნდის წევრის გადაბირების სურვილი იმდენად დიდია, რომ გირგვლიანისა და მოლაშვილის საქმეებიც კი გადაფარა... საქმეები, რომელზე აპელირებითაც "ქართულმა ოცნებამ" მთელი თავისი წინასაარჩევნო კამპანია ჩაატარა...


საუბარია იმ ლევან მურუსიძეზე, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ისე გაიარა გზა ხელისუფლების კონტროლირებად (სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ იყო, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად აღიარებენ. ავტ) სასამართლოში, რომ არასდროს გამოუთქვამს მცირეოდენი შეშფოთებაც კი იმ მოვლენებზე, რაც სასამართლოში ხდებოდა. უფრო მეტიც, ის იმ პრივილეგირებულ და სანდო მოსამართლეთა სიაში აღმოჩნდა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს.


ლევან მურუსიძის ხელმოწერა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს.


ლევან მურუსიძე - სანდრო გირგვლიანის საქმეში


ლევან მურუსიძე ის მოსამართლეა, რომლის მონაწილეობითაც უზენაესმა სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა.


ქ. თბილისი 27 ივლისი. 2007 წელი.


საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე), ზაზა მეიშვილი და ლევან მურუსიძე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დავით ხაჟალიას, დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე.


განჩინებაში, რომელიც საბოლოო იყო და არ გასაჩივრდებოდა და რომელსაც მურუსიძის ხელმოწერაც აქვს, ვკითხულობთ:


"დაზარალებულ ლევან ბუხაიძისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ირინა ენუქიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, მიხეილ ბიბილურიძისა და ალექსანდრე ღაჭავას მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა".


ამ გადაწყვეტილებით, საკასაციო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შუმცირა. გერონტი ალანიას სასჯელის სახით სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული 8 წლის ნაცვლად, 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურსა და მიხეილ ბიბილურიძეს კი 7 წლის ნაცვლად, 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.


2007 წლის 24 აგვისტოს, სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე გარდაიცვალა...


ლევან მურუსიძე - "ოპოზიციონერი" მოსამართლეების საქმეში


ლევან მურუსიძე, რომელიც წლების განმავლობაში პროკურატურაში მუშაობდა და შემდეგ კოტე კუბლაშვილის მარჯვენა ხელი იყო, არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი თითქმის ყველა იმ უფლებადამცველისა და ადვოკატისგან, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.


ლევან მურუსიძე არის ადამიანი, რომელიც 2005 წელს მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების (მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი) წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების და გათავისუფლების პროცესში.


"ლევან მურუსიძე ის ადამიანი იყო, რომელმაც თვალი არ დაახამხამა და უზენაესი სასამართლოსოთხი მოსამართლე, მათ შორის მეც, უზენაეს სასამართლოში დაკავებული თანამდებობებიდან,უკანონოდ გაათავისუფლა. მას გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებულიდა წლების მანძილზე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში,მართლმსაჯულებას ადეიშვილის დავალებით ახორციელებდა. ეს ადამიანები თავის ცოდვას ვერგამოისყიდიან". - ეს კომენტარი მერაბ ტურავამ მაშინ გააკეთა, როდესაც მურუსიძე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.


ლევან მურუსიძე - სულხან მოლაშვილის საქმეში


გირგვლიანის საქმის გარდა, მურუსიძე კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. 2006 წლის 23 ივნისს მან წაიკითხა განაჩენი, რომლითაც კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


გთავაზობთ ლევან მურუსიძის კომენტარს სულხან მოლაშვილის საქმეზე გაზეთ "ლიბერალიდან".


დღესაც ფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონს შეესაბამებოდა?


დიახ, რა თქმა უნდა.


როდესაც უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა, უკვე გახმაურებული იყო მოლაშვილის წამების ამბავი, გამოქვეყნებული იყო სიგარეტის ნამწვავებით ნაწამები მსჯავრდებულ მოლაშვილის ფოტოები, უკვე გავრცელებული იყო მათიას იორშის განცხადება,რომ ეს იყო ყველაზე ვანდალური მოპყრობის ფაქტები მის პრაქტიკაში, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნოს დირექტორს, ერიკ სოტასს უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ღია წერილი მოლაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით.... ამ ყველაფერმა თქვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ იქონია?


მე მოსამართლე ვარ, კანონის საფუძველზე უნდა ვიმოქმედო. მე მაინტერესებს, ჩაიდინა თუ არა პიროვნებამ დანაშაული. ციხეს რაც შეეხება, ეს სხვა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა. წამების ფაქტებთან დაკავშირებით სასამართლოს პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, არ ვიცი",- აცხადება მურუსიძე.


მოსამართლე ლევან მურისიძე, რომელმაც ახალი ხელისუფლების ყველა პრემიერის კარის მოიარა, უახლოეს წარსულში იმის აუცილებლობასაც ვერ ხედავდა, რომ ციხეში ადამიანის წამების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო გამოძიება ჩატარებულიყო ან როგორც მინიმუმ, სასამართლოს ამ ფაქტის გათვალისწინებით ემსჯელა იმ ჩვენებებზე, რომელიც საქმეში იდო და რომელიც მოლაშვილისგან არაადამიანური წამების შედეგად მიიღეს...




წყარო: ipress.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016