უშიშროების გენერალ-მაიორი ანზორ მაისურაძე "საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ირაკლი ღარიბაშვილსა და მის პოლიტიკაზე საუბრობს:
„დასავლეთის კურსის უცვლელობის მიუხედავად, რომელსაც საქართველოს პრემიერი ერთგულებდა, მან თავისი ისეთი პოზიციაც გამოხატა, რომელიც ცრულიბერალიზმის პრინციპების საწინააღმდეგოდ და ეროვნული იდენტურობის დაცვისკენ იყო მიმართული. ხომ გახსოვთ, თუნდაც "ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა", ან ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესაძლო პერსპექტივის პროგრესულ ნაბიჯად შეფასება. თუმცა, კაცმა რომ თქვას, მთელმა ევროპამ დააწესა ჩვენს ქვეყანასთან ვიზალიბერალიზაცია და, რუსეთიც ასე რომ მოიქცეს, ამაში არაფერია განსაკუთრებული.
ვაშინგტონს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მუდმივად მყეფარი სააკაშვილისნაირი კაცი აძლევს ხელს. ამ ყეფამ რა შედეგიც გამოიღო, ყველანი მოწმენი ვართ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას უფრო და უფრო დავშორდით.
საქმე ისაა, რომ ბატონი ღარიბაშვილი უფრო ქართული, უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი იყო.
ამიტომაც შეცვალეს.
მინდა, შევხვდე ამ ახალგაზრდა კაცს - ირაკლი ღარიბაშვილს, ხელი ჩამოვართვა და მადლობა ვუთხრა. ძალიან უჭირდა, უჭირდა იმის გამო, რომ ისეთი ადამიანები ჰყავდა შემოკრებილი ადგილობრივ ხელისუფლებაში თუ პრემიერის ადმინისტრაციაში, რომლებიც პირდაპირ თუ ფარულად ხელს უშლიდნენ.
იმასაც გეტყვით, რომ ბატონი ირაკლი ასეთ დადებით პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდებოდა, კარგი ოჯახი და კარგი მასწავლებლები რომ არ ჰყოლოდა", - ამბობს მაისურაძე.
წყარო: geworld.ge