ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ახალ სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით, ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პასუხს ელის.
კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალი სახელფასო სისტემის შესახებ ისაუბრა.
მან განმარტა, რომ ახალი სისტემა მწრთვნელების ხელფასების გარკვეულ შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა დაწესდება ახალი მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელიც მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც იმოქმედებს.
ლევან კობიაშვილის განაცხადებით, თავად ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, დათანხმდება თუ არა ახალ სახელფასო სისტემას, თუმცა ფედერაცია მას სრულ ნდობას უცხადებს და სურს, რომ ცხადაძემ თანამდებობაზე მუშაობა გააგრძელოს.
იგი განმარტავს, რომ ცხადაძის პოსტიდან წასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა.
„ახალი სახელფასო სისტემა ითვალისწინებს იმას, რომ ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებში მწვრთნელების ხელფასები გარკვეული პროცენტით შემცირდეს, თუმცა დაწესდება ახალი, მაღალი საჰონორარო სისტემა, რომელსაც მწვრთნელი მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც მიიღებს. ეს იდეა მოიწონა აღმასკომმაც. ახალი სისტემა ორიენტირებულია შედეგზე. კახა ცხადაძის შემთხვევაში, ეროვნული ნაკრების მიზანია, რომ მომდევნო შესარჩევ ეტაპზე გუნდმა ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილი დაიკავოს. მინიმალური შედეგის მიღწევის შემთხვევაშიც, ანუ თუ გუნდი მესამე ადგილზე გავა, მწვრთნელები მაღალი ჰონორარით ისარგებლებენ. ეს სისტემა გავაცანით თავად კახასაც და ველოდებით მის პასუხს. იმედი გვაქვს, რომ ახალ სისტემას გაიზიარებს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახას. გვჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იდგეს", - განაცხადა კობიაშვილმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს ასაკობრივ ნაკრებში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა. კობიაშვილის თქმით, 17 წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვასილ მაისურაძე დაინიშნა, 19 წლამდელთა ნაკრებს გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს, ხოლო 21 წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კვლავ ვაკანტურია, რადგან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა.
კობიაშვილის თქმით, მოედანი დიდ დიღომში მდებარეობს და კომპანია "ვისოლის" საკუთრებაშია. აღნიშნულ მოედანზე ბავშვები გარკვეული საათების განმავლობაში ივარჯიშებენ და იჯარას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციია დაფარავს.