„სომხეთიდან საქართველოსკენ ღორის გრიპი მოიწევს?", - ამ სათაურით გაზეთი „ალია" აქვეყნებს სტატიას.
„სომხური სააგენტოების ინფორმაციით, H1N1 ვირუსით, სომხეთში უკვე მეცხრე ადამიანი დაიღუპა. 10 იანვრისთვის, ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვლილთა რიცხვი 5-ს შეადგენდა, დღეის მონაცემებით კი 9ს მიაღწია. მათგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა", - წერს გაზეთი „ალია" და თემასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს პაატა იმნაძეს ესაუბრება:
„მინდა დაგიკონკრეტოთ, რომ არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში ცირკულირებს ა-გრიპის H1N1 ტიპი, ეს არის ახლა ყველაზე გავრცელებული ვირუსი. ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს. თურქეთშიცაა გავრცელებული ეს ვირუსი", - ამბობს იმნაძე.
შეკითხვაზე „არის თუ არა საფრთხე, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვრებზე გახშირებული მიმოსვლის გამო, ჩვენთანაც გაიზარდოს დაავადებათა რაოდენობა", - პაატა იმნაძე პასუხობს:
„საზღვრებზე ზომები შეიძლება მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით. ეს გრიპი, როგორც უკვე გითხარით, არის მთელს მსოფლიოში მოდებული. ჩვენთან ეპიდემია წელს არ იქნება, ახლა დაბალი ინტენსივობაა. საშუალო ინტენსივობას მიაღწევს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში. რაც შეეხება სომხეთში დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეს, ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, დაავადებიდან მერვე დღეს მიმართა ექიმს. მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო და გადარჩენაც ვერ მოხერხდა", - დასძენს პაატა იმნაძე.
წყარო: ალია