ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური პრესის ინფორმაციით, მსახიობის გარდაცვალებას ოჯახის წევრები ადასტურებენ. მსახიობი უკურნებელი სენით იყო დაავადებული.
ალან სიდნი პატრიკ რიკმანი კინოსა და თეტრის ინგლისელი მსახიობი გახლდათ.
25 წლის ასაკში ალანმა საბოლოოდ გადაწყვიტა მსახიობობა და წერილი გაგზავნა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემიაში თხოვნით, მოესმინათ მისთვის და საბოლოოდ წარმატებით ჩააბარა კიდეც აქ. დედამ მხარი დაუჭირა მის გადაწყვეტილებას, შეესწავლა დრამის ხელოვნება. აკადემიაში ალანმა სამი წელი გაატარა და უმაღლესი სტიპენდიაც დაიმსახურა, დამატებითი შემოსავლის მისაღებად კი კოსტიუმერად მუშაობდა.
აკადემიის დასრულების შემდეგ ალანი მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი ლონდონის სცენაზე.
სპექტაკლ „სახიფათო კავშირებში" შესრულებული ვალმონტის როლი სენსაციად იქცა: სპექტაკლის პლაკატები პირველად გახდა თეატრის ადმინისტრაციისთვის ცალკე შემოსავლის წყარო. 1986 წელს წარმოდგენა მიწვეულ იქნა ბროდვეიზე, სადაც რიკმანი პროდიუსერმა ჯოელ სილვერმა შეამჩნია და „კერკეტ კაკალში" მთავარი ბოროტმოქმედის როლი შესთავაზა.
ტერორისტ ჰანს გრუბერის როლმა ალანს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი და იმავდროულად მოუსპო ეკრანზე ვალმონტის განსახიერების საშუალება: ფილმის პროდიუსერებმა ვერ გარისკეს ამ როლზე ბოევიკის „ცუდი ბიჭის" აყვანა.
ფილმ „რობინ ჰუდის" გადაღებული მასალის დამუშავებისას კევინ კოსტნერმა მემონტაჟეებს მნიშვნელოვნად შეაკვეცინა რიკმანის როლი, რადგან შიშობდა რომ ის დაჩრდილავდა.
1997 წელს რიკმანმა ძალები რეჟისურაშიც მოსინჯა. მან გადაიღო ფილმი - „ზამთრის სტუმარი", სადაც მთავარ როლს ემა ტომპსონი ასრულებდა. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს გარდა კიდევ რამდენიმე პრემია მიიღო.
2001 წელს ითამაშა ნოელ კოვარდის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში "Private Lives". პიესა 2002 წლის 6 იანვრამდე თეატრების სცენებიდან არ ჩამოსულა.
რიკმანმა მთავარი როლი შეასრულა რობერტ სტურუას "ჰამლეტში" "Riverside Studio"-ში. რობერტ სტურუასთან მუშაობისას ალან რიკმანი სამჯერ იმყოფებოდა საქართველოში: პირველად შორეულ 1979 წელს, მეორე და მესამე ვიზიტებს შორის კი შედარებით მოკლე ხანმა განვლო: 2007 და 2009 წელს და რუსთაველის თეატრის სცენაზეც გამოვიდა.
http://www.theguardian.com/film/